ეკონომიკა

2013 წლიდან ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადადის

15 ნოემბერი, 2010 • • 1037
2013 წლიდან ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადადის

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, პარლამენტის წევრებისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის პროგრამული ბიუჯეტის ანალიზის  თემაზე სპეციალური სემინარი მოეწყო.   

საქართველოს ახალი საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, 2013 წლიდან ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადადის. 2010 წლიდან კი ამ რეფორმის განხორციელებაში ექვსი საპილოტე სამინისტრო  – იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლებისა და მეცნიერების, სასჯელაღსრულების და პრობაციის, სოფლის მეურნეობის,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები მონაწილეობენ.

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ  ინიტა პაულოვიჩმა სემინარზე ყურადღება გაამახვილა მიმდინარე საბიუჯეტო რეფორმაზე, მართვის გამჭვირვალობაზე,  მართვის საინფორმაციო სისტემებზე და სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებაზე.

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის,  ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით,  ბიუჯეტის პროგრამულ დაგეგმარებაზე გადასვლა  ქვეყნისთვის ძალიან  სერიოზული სიახლეა. პროგრამული ბიუჯეტი თავიდანვე შედეგებზე გაწერილი ბიუჯეტი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, შეაფასოს რამდენად სწორად   განხორციელდა ეს პროგრამა. “მნიშვნელოვანია   სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რაშიც საერთაშორისო ორგანიზაციები პერმანენტულად გვეხმარებიან”, – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი