ეკონომიკა

მიხეილ სააკაშვილი ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში

15 ნოემბერი, 2010 • • 1037
მიხეილ სააკაშვილი ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში

საქართველოს პრეზიდენტმა ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში 12 ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.”მომავალ კვირებში 20 ახალი სასტუმროს მშენებლობა იწყება.  ქობულეთში დღეს უკვე დაწყებულია 12 ახალი სასტუმროს მშენებლობა”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. “ფიჭვნარის” ტერიტორიაზე ასაშენებელი სასტუმროების მფლობელები 15 წლის განმავლობაში მოგებისა და ქონების გადასახადებისგან გათავისუფლდებიან.

“ქობულეთის ტურისტულ ზონაში არსებული მიწა ინვესტორებს უფასოდ გადაეცათ, რაც ბიზნესის ხელშეწყობას ნიშნავს. უახლოეს პერიოდში აქ შემოვიყვანთ წყალს და გაზს, ასევე, დავაგებთ თანამედროვე გზას, რაც ტურისტს საშუალებას მისცემს, ბათუმამდე მაქსიმალურად მოკლე დროში, 15 წუთში ჩავიდეს”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მხოლოდ ამ 20 სასტუმროს მშენებლობაზე ათასი ადამიანი დასაქმდება, ხოლო როდესაც სასტუმროები უკვე ფუნქციონირებას დაიწყებს, დასაქმებული ადგილობრივების რიცხვი 3 ათასამდე გაიზრდება.

პრეზიდენტის განმარტებით, ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში მშენებლობის მოსურნე თითქმის ყველა კომპანია ქართულია, თუმცა, რა თქმა უნდა, იგი უცხოელ ინვესტორებსაც მიესალმება, რადგან ისინიც ქმნიან სამუშაო ადგილებს და იზიდავენ ტურისტებს.

მიხეილ სააკაშვილმა ისიც დასძინა, რომ მთავრობის მიერ ნაკისრი 15 -წლიანი ვალდებულება კონსტიტუციურადაა დაკანონებული და მას ვერც ერთი შემდგომი მთავრობა ვერ შეცვლის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი