ეკონომიკა

EFSE-ს პირველი 50 მილიონიანი ინვესტიცია საქართველოში

12 ნოემბერი, 2010 • • 1312
EFSE-ს პირველი 50 მილიონიანი ინვესტიცია საქართველოში

სამხრეთ  ევროპულმა ფონდმა და საქართველოს ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმეს. აღნიშნული სესხი ხელს შეუწყობს საბინაო, მიკრო და მცირე საწარმოებისათვის სასესხო ოპერაციების გაფართოებას. ეს არის EFSE-ის მიერ განხორციელებული პირველი ინვესტიცია საქართველოში. აღნიშნული ინვესტიცია მაჩვენებელია იმისა, რომ ეს ბანკი საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას ენდობა. სესხი  განკუთვნილია როგორც მიკრო და მცირე საწარმოებისათვის, ასევე კერძო პირებისათვის. EFSE–ის კრედიტით, “საქართველოს ბანკი” დაფინანსებას ხელმისაწვდომს გახდის დაახლოებით 2,000 მიკრო და მცირე ბიზნესისა და 600-ზე მეტი ოჯახისთვის.

 EFSE-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, კლაუს გლაუბიტის განცხადებით – ”ჩვენ შევდივართ ქართულ ბაზარზე,  ეს ჯერ გამოწვევაა, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი გრძელვადიანი დაფინანსება გზას სხვა ინვესტორებსაც გაუხსნის. ამ საქმეში ჩვენ საქართველოს ბანკთან ვთანამშრომლობთ, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი საბანკო ინსტიტუტია ქვეყანაში”.

”მოხარული ვარ, მივესალმო EFSE-ს ჩვენი კრედიტორების გუნდს. ჩვენი პარტნიორობა EFSE-სთან, რომელიც გამოცდილი კრედიტორია ევროპასა და დსთ-ს მასშტაბით, საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ კრედიტების გაცემა მიკრო და მცირე საწარმოებისათვის, რაც მოემსახურება ამ სწრაფად მზარდ დარგებს და მომავალში ჩვენს კონკურენტუნარიანობას გაზრდის.  მჯერა, რომ EFSE-სთან ერთად კიდევ მეტს გავაკეთებთ მომავალში”-განაცხადა საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

აღსანიშნავია, რომ განვითარების დაფინასებით,  სამხრეთ ევროპული ფონდი  ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას სამხრეთ ევროპის მთელ რიგ  ქვეყნებში, ამ ქვეყნების რიცხვში საქართველოსთან ერთად შედიან: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, მაკედონია, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, სერბეთი, უკრაინა. ბიზნეს სესხების გაცემით, იგი ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს გრძელვადიანი დაფინასების ინსტრუმენტებს სთავაზობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად, ისევე როგორც იპოთეკურ სესხებს დაბალი შემოსავლის მქონე კერძო პირებისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი