ეკონომიკა

ქვეყნის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 87.7 მლნ. ლარით იზრდება

11 ნოემბერი, 2010 •
ქვეყნის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 87.7 მლნ. ლარით იზრდება

პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები და 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა. საფინანსო დოკუმენტები  კომიტეტების სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, პაპუნა პეტრიაშვილმა წარმოადგინა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 87.7 მლნ. ლარით იზრდება, საიდანაც  76 მლნ. ლარი უცხოეთიდან მიღებულ დაფინანსებას, ხოლო 11 მლნ.  ლარი ბიუჯეტიდან დაზოგილ თანხებს წარმოადგენს.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პაპუნა პეტრიაშვილმა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზეც ისაუბრა.

“მომავალი წლისთვის საბიუჯეტო დეფიციტი 4,3%–ით განისაზღვრება, რაც 2%-ით ნაკლებია მიმდინარე წლის მაჩვენებელთან შედარებით. ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის კლება მომდევნო წლებისთვისაც გაგრძელდება და უკვე 2012 წლისთვის იგი 3%–ს მიაღწევს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე პირდაპირ აისახება”, – განაცხადა პაპუნა პეტრიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2011 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-ით არის განსაზღვრული, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის შიდა პროდუქტი 20 მლრდ. ლარიდან 22.8 მლრდ. ლარამდე გაიზრდება. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვეყნის შიდა პროდუქტში სახელმწიფოს წილი მცირდება და იზრდება კერძო კომერციული აქტივები.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საგადასახადო შემოსავლები მომავალი წლიდან 770 მლნ. ლარით იზრდება და მთელი ეს თანხა ეკონომიკის სტიმულირებას და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას მოხმარდება. პეტრიაშვილმა ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურის განვითარება ისევ რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. მისივე განცხადებით, 2011 წელს 4-ჯერ იზრდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება, რომელიც, ძირითადად, პროგრამების განხორციელებას მოხმარდება. ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე ინფრასტრუქტურების პროექტებს მოხმარდება. მინისტრის მოადგილემ, ამ მხრივ, ცალკე გამოყო 2 საგზაო  – ზესტაფონი-სამტრედიის ავტობანის და ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის პროექტები და ქვეყნის მასშტაბით სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტები. პაპუნა პეტრიაშვილის ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება განათლების დაფინანსებასაც, რომელიც 2011 წელს 16 მლნ. ლარით გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი