ეკონომიკა

2011 წლის თბილისის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო

11 ნოემბერი, 2010 •
2011 წლის თბილისის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო

11 ნოემბერს ქალაქ თბილისის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილვის თემას 2011 წლის თბილისის ბიუჯეტი წარმოადგენდა. დედაქალაქის ბიუჯეტი 2011 წლისთვის 620 მილიონ ლარს შეადგენს. თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, თამაზ შოშიაშვილის განცხადებით, 2011 წელს კვლავ გაგრძელდება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება.

ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ დოლიძის თქმით, დედაქალაქის 2011 წლის ბიუჯეტი 2010 წელთან შედარებით შემცირებულია 123 მილიონი ლარით და ნაცვლად 743 მილიონისა, შეადგენს 620 მილიონ ლარს.  

”6 თვის წინ ქალაქის ბიუჯეტის პროგნოზი შეადგენდა 736 მილიონ ლარს და 6 თვეში ის შემცირდა 115 მილიონი ლარით. ამდენად, ისმის კითხვა: რა შეიცვალა დედაქალაქის ეკონომიკაში ამ ბოლო 6 თვის განმავლობაში? უფრო მეტიც, დედაქალაქის ბიუჯეტი, დღევანდელი პროგნოზით, 2013 წელს მიაღწევს 643 მილიონს, ანუ 6 თვის წინ გაკეთებულ პროგნოზზე 100 მილიონი ლარით ნაკლებს. ეს ასევე მოასწავებს იმას, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში დედაქალაქის ეკონომიკაში არაფერს უნდა ველოდოთ სასიკეთოს”.

ვიქტორ დოლიძემ ასევე განაცხადა, რომ 2011 წლის  ბიუჯეტის პროექტში  შემცირებულია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ხარჯები, კერძოდ, ჯანდაცვის ხარჯები შემცირებულია 29 მილიონი ლარიდან 15 მილიონ ლარამდე და ეს მოტივირებულია იმით, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის გათვალისწინებული 13 მილიონი ლარი გადატანილია საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბიუჯეტში.

ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო ჯანდაცვის  ბიუჯეტის  შემცირება. მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროს გარკვეული სექტორის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილისა კი შემცირდა. მისივე განმარტებით, ჯანდაცვას გამოეყო სასწრაფო დახმარების სამსახური და შეუერთდა საგანგებო სიტუაციების სამსახურს, რამაც გამოიწვია აღნიშნული 13 მილიონი ლარის გადატანა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბიუჯეტში.

ვიქტორ დოლიძის თქმით, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია ”თავისუფალი დემოკრატების” მოთხოვნა– თბილისელ პენსიონერებზე 10– ლარიანი დანამატის შენარჩუნების შესახებ.

ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კვლავ შენარჩუნდება შეღავათები სოციალურად დაუცველი ფენებისთვის, მართალია, ინფრასტრუქტურის დიდი და ერთჯერადი პროექტების განხორციელება დამთავრდა, მაგრამ კვლავაც გაგრძელდება დედაქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარება.

ნიკოლოზ ხაჩირაშვილის თქმით, საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომა მომავალ კვირაშიც გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი