ეკონომიკა

აჭარაში ციტრუსის მოსავალმა გასულ წელთან შედარებით 47-48%-ით დაიკლო

11 ნოემბერი, 2010 •
აჭარაში ციტრუსის მოსავალმა გასულ წელთან შედარებით 47-48%-ით დაიკლო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ვაჟა ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ემზარ ძირკვაძემ სხდომაზე 2010 წლის ციტრუსოვანთა ნაყოფის მოსავლის დამზადება-რეალიზაციის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტროს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მთელ  რეგიონში ციტრუსის მოსავალი გასულ წელთან შედარებით 47-48%-ით ნაკლებია. ძირითად საექსპორტო ბაზრად კვლავ უკრაინა რჩება, სადაც, სავარაუდოდ, მოსავლის 50-60%-ის რეალიზაცია მოხდება.

დღევანდელი მდგომარეობით, აჭარაში  500 ტონამდე მანდარინია წარმოებული და რეალიზებული, ხოლო აქედან  ექსპორტზე 310 ტონა ციტრუსის ნაყოფია გათვალისწინებული.

მინისტრის განცხადებით, წელს ციტრუსის მოსავლის რაოდენობა 50-55 ათას ტონას შეადგენს.

სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2010 წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიშიც განიხილეს. ვაჟა ბოლქვაძის თქმით, 2010 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 104,8%-ით შესრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი