ეკონომიკა

ბიუჯეტის ყველაზე გაუმჭვირვალე კომპონენტის-”სხვა ხარჯების” წილი კვლავ იზრდება

11 ნოემბერი, 2010 • • 1014
ბიუჯეტის ყველაზე გაუმჭვირვალე კომპონენტის-”სხვა ხარჯების” წილი კვლავ იზრდება

 

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტს მეორე მოსმენით განსახილველად უკვე გადაეცა, 2010 წლის გეგმასთან შედარებით, კვლავ გაზრდილია სახელმწიფო ბიუჯეტის ყველაზე არაგამჭირვალე მუხლის – ”სხვა ხარჯების” წილი. კერძოდ, 2010 წლის ბიუჯეტის გეგმაში ფიქსირდება, რომ ”სხვა ხარჯები” შეადგენს 723 მილიონ ლარზე მეტს, მაშინ, როდესაც 2011 წლის ბიუჯეტის პროექტში ”სხვა ხარჯების” ხვედრითი წილი თითქმის 900 მილიონი ლარია. აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გასაკეთებლად ეკონომიკის ექსპერტს, ბატონ ირაკლი ლექვინაძეს მივმართეთ:

 

”2011 წლის ბიუჯეტში სხვა ხარჯებისა და მომსახურების მოცულობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 177 მლნ. ლარით, რაც ჯამში მთლიანი ბიუჯეტის 16%-ია. ზოგადად, სხვა ხარჯები ყოველთვის იყო ბიუჯეტის მთავარი სადისკუსიო თემა, რადგან ყველაზე გაუმჭირვალე კომპონენტია საბიუჯეტო პროცესში.

საბიუჯეტო პროცესის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია გამჭვირვალობა, რაც ირღვევა გაუმჭვირვალე საბიუჯეტო მუხლების შემთხვევაში.

ვფიქრობ, რომ ბიუჯეტის პარლამენტში განხილვისას აუცილებელია, ამ ტიპის ხარჯების კიდევ უფრო დაკონკრეტება, რადგან გადასახდის გადამხდელებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, სად მიდის მათ მიერ გადახდილი თანხების ნაწილი.

პოზიტიურად ვერ შეფასდება, ასევე, ის ფაქტიც, რომ ბოლო წლებში ამ ტიპის ხარჯების მოცულობა მზარდია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი