ეკონომიკა

ახალი ხელშეკრულება საქართველოსა და ჩეხეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ

9 ნოემბერი, 2010 • • 1129
ახალი ხელშეკრულება საქართველოსა და ჩეხეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ”საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ”.

ამ დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ვერა ქობალიამ, ჩეხეთის მხრიდან კი– ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ივან იესტრაბმა.

ხელშეკრულება ორივე ქვეყნის ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, რეისები წინასწარ დადგენილი კვოტების გარეშე განახორციელონ. ამასთან, საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის მოხდება ფრენის რეჟიმის ლიბერალიზება, ამის გარანტიას ხელმოწერილი დოკუმენტი იძლევა, ამით ავიაკომპანიებს საშუალება მიეცემათ, თვითონ დაადგინონ  ფრენის სიხშირე და მომსახურების ტარიფი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეს დოკუმენტი ავიაკომპანიებს შორის კონკურენციას გაზრდის, რაც გამოიწვევს ბილეთის ფასის შემცირებასა და  ტურისტების რაოდენობის გაზრდას.

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, ივან იესტრაბმა აღნიშნა, რომ ეს ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ქართული ავიაკომპანიების ჩეხეთის ბაზარზე, ჩეხური ავიაკომპანიების კი საქართველოს ბაზარზე შემოსვლასა და დამკვიდრებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი