ეკონომიკა

მიხეილ სააკაშვილი – ”ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი და დიდი შესაძლებლობები”

9 ნოემბერი, 2010 • • 1233
მიხეილ სააკაშვილი – ”ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი და დიდი შესაძლებლობები”

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მან საგანგებოდ აღნიშნა ”Doing business 2011”-ის მოხსენების შედეგები, რომლის მიხედვით,   ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

”საქართველომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმებითა და ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, პირველი ადგილი დაიკავა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი და დიდი შესაძლებლობები, რაც უდავოდ კარგი ამბავია.”   

პრეზიდენტი სტატისტიკის დეპარტამენტის ბოლო მონაცემებსაც შეეხო, რომლის მიხედვით, თბილისში ნაწილობრივ ან სრულად  უმუშევართა რაოდენობა 30%-ს აღწევს:- ”ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყოველი მეოთხე ადამიანი მთლიანად ან ნაწილობრივ დაუსაქმებელია. ეს არის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი პირველადი  მოხმარების პროდუქტებზე ფასების მატებასაც გამოეხმაურა, რისი მიზეზიც, მისი განმარტებით, მსოფლიო ბაზრებზე ხორბალსა და ფქვილზე ფასების ზრდაა, რაც უმძიმეს დარტყმას აყენებს სოციალურად დაუცველ ხალხს, რადგან ქვეყანა ჯერ სათანადო დონეზე არ არის განვითარებული. მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას ამ პრობლემის მოგვარების გზაც შესთავაზა და აღნიშნა, რომ რაიმე პროდუქტის მეტი რაოდენობით წარმოებით და მისი გაყიდვით, ხალხი შემოსავალს მიიღებს და პროდუქტებზე ფასების მატებაზე ნაწილობრივ გავლენას ამ გზით მოახდენს.

 პრეზიდენტმა უმუშევრობის დასაძლევად ეკონომიკის 3 სექტორის განვითარებაზე  გაამახვილა ყურადღება. ეს სექტორებია – ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.

რა არის ინფრასტრუქტურა?

”უპირველესად, ეს არის ჰიდროენერგეტიკა. ბოლო თვეების განმავლობაში გამოვთვალეთ, რომ უახლოეს 7-8  წელიწადში შეგვიძლია 5 მილიარდი დოლარი მოვიზიდოთ ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის, ე.ი. 5 მილიარდი დოლარი ჩაიდოს საქართველოს ახალი კაშხლების, ახალი ტურბინების, ახალი საწარმოო სიმძლავრეების შექმნისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ფული იდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში და ცოდნის მიღებაში”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მეორე სტრუქტურა ეს არის ტურიზმი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს წარმოუდგენელი ტურისტული პოტენციალი.  მისი თქმით, იგეგმება ზამთრის კურორტების გამოცოცხლება – ”ამ  ტურისტული პოტენციალის თვალსაზრისით, ჩვენ ვვარაუდობთ ყოველ წელიწადს ტურისტების რაოდენობის 30 -35 პროცენტით გაზრდას.  წელს საქართველოში 2 მილიონი ტურისტი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ენების შესწავლა, ახალი სასტუმროებისა და  მარშრუტების განვითარება, მთელი ინფრასტრუქტურის მოწყობა.” პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ახალი აეროპორტების მშენებლობა ტურისტული   და ინფრასტრუქტურული პოტენციალის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობა ეეპ-ს 11-12 პროცენტს ქმნის და ეს მაჩვენებელი შემდეგი 5 წლის განმავლობაში უნდა გაორმადგეს, რადგან საქართველოს მოსახლეობის ნახევარი სოფლად ცხოვრობს. ამის გარდა, სოფლის მეურნეობა ყოველწლიურად მინიმუმ 100– მილიონიანი ლარის სახელმწიფო ინვენსტიციას საჭიროებს, რათა ქვეყანაში ახალი თესლი და ტექნოლოგიები შემოვიდეს, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების გაორმაგების წინაპირობა იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი