ეკონომიკა

ბათუმში ირანის საკონსულო გაიხსნა

5 ნოემბერი, 2010 • • 1250
ბათუმში ირანის საკონსულო გაიხსნა

ქალაქ ბათუმში  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მანუჩეჰრ მოთაქის შეხვდნენ. ქალაქ ბათუმში ირანის გენერალური საკონსულო გაიხსნა. საკონსულო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ევროპის მოედანზე, განთავსდა. გახსნის ცერემონიაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩეჰრ მოთაქმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს პრეზიდენტმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორ ქვეყანას შორის  ურთიერთობა და საერთაშორისო საკითხები განიხილეს. მხარეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობა.

მანუჩეჰრ მოთაქმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობას, ვინაიდან, მისი თქმით, ასე შავი ზღვა დაუკავშირდება სპარსეთის ყურეს  და ირანელ ბიზნესმენებს საქართველოში ეკონომიკური მოღვაწეობა გაუადვილდებათ.

პარალელურად, აჭარაში ირანელ ბიზნესმენთა დელეგაციაც იმყოფება, რომლებმაც შეხვედრა უკვე გამართეს ადგილობრივი საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი