ეკონომიკა

45 მილიონი აშშ დოლარი რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განსავითარებლად

5 ნოემბერი, 2010 • • 956
45 მილიონი აშშ დოლარი რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განსავითარებლად

მსოფლიო ბანკმა საქართველოს, რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, 45 მილიონი აშშ დოლარის დამატებითი დაფინანსება  გამოუყო. აღნიშნული დაფინანსება საქართველოს მთავრობამ  – დამატებითი მუნიციპალური სამსახურებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის, ასევე მთელი რიგი შერჩეული ქალაქებისთვის სტრატეგიული განვითარების გეგმების შესამუშავებლად მოითხოვა.

რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების თავდაპირველი პროექტი (40 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტი) მომზადებული იყო 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად მოყენებული ზიანის შესამცირებლად. პროექტი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ  2008 წლის 2 ოქტომბერს დამტკიცდა. დამატებითი დაფინანსება მოიცავს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო  ბანკის 33.5 მილიონ აშშ დოლარიან სესხს და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტს 11.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

 “ეს პროექტი ათობით ათას ქართულ ოჯახს მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდ სარგებელს მოუტანს – ადგილობრივი გზების აღდგენით, სასმელი წყლის უზრუნველყოფით და სანიტარული პირობების გაუმჯობესებით. ევროკავშირის თანადაფინანსებით  გაგრძელდება ინფრასტრუქტურის აღდგენა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. პროექტი, აგრეთვე, გაზრდის მუნიციპალიტეტების  საქმიანობის ეფექტურობას, ” –-  განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ასად ალამმა.

დღეისათვის საქართველოში მსოფლიო ბანკის საკრედიტო პორტფელი შედგება 469 მილიონი აშშ. დოლარის ღირებულების 12 მოქმედი საინვესტიციო პროექტისგან. დამატებით, 2010 წლის ივლისში მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ, განვითარების პოლიტიკის ღონისძიების (DPO2) ფარგლებში, 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რიგით მეორე პროექტი დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი