ეკონომიკა

სტრუქტურული სიახლეები ეკონომიკის სამინისტროში

5 ნოემბერი, 2010 • • 1102
სტრუქტურული სიახლეები ეკონომიკის სამინისტროში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მთელი რიგი სტრუქტურული სიახლეები ხორციელდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ვერა ქობალიას ინფორმაციით, სამინისტროში კოორდინაციის სამსახური იქმნება, რომელიც უშუალოდ მინისტრს დაექვემდებარება და მისი მთავარი ფუნქცია რეგიონულ სახელმწიფო სტრუქტურებთან და ბიზნესთან სამინისტროს ეფექტური და კოორდინირებული კომუნიკაციის უზრუნველყოფა იქნება. ამასთან, კოორდინაციის სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პერმანენტულ  შეხვედრებს ჩაატარებს,  რადგან, ვერა ქობალიას თქმით, სამინისტროს ხელმძღვანელობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სექტორის ჩართულობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის პროცესში.

კოორდინაციის სამსახურთან ერთად, სამინისტროში  მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ჩამოყალიბებაც იგეგმება. მისი უფროსისა და თანამშრომლების შერჩევა კონკურსის წესით მოხდება. ახალი დეპარტამენტი საქართველოს მდგრადი განვითარების სტრატეგიას მოამზადებს. ასევე მიიღებს, დაამუშავებს და ანალიზს ჩაუტარებს შესაბამის ინოვაციურ პროექტებს, მოამზადებს წინადადებებს სამინისტროს ხელმძღვანელობისა და მთავრობისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი