ეკონომიკა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრა

2 ნოემბერი, 2010 • • 1243
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრა

პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით,  ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა სოფლებისთვის  სოციალური პროგრამების განხორცილება,  მოსახლეობის შეშითა და წყლით უზრუნველყოფა, სასურსათო  პროდუქტებით მომარაგება ნაწილობრივ შესრულდა და მუშაობა კვლავაც მიმდინარეობს.  

„კონფლიქტის ზონის მიმდებარე 20 სოფელში (აქ შედის   გორის, ქარელისა და კასპის  ე.წ საზღვრისპირა სოფლები), უკვე შეტანილია როგორც შეშა, ისე  პურის ფქვილი.  5 ათას 500 ტონა  ფქვილსა და  10 ათას კუბურ მეტრ  შეშას სულ  5 ათასი ოჯახი მიიღებს. მოლაპარაკება  მიმდინარეობს  სარწყავი წყლით უზრუნველყოფის შესახებაც.  ამ სოფლებში ასევე რამდენიმე სოციალური პროექტი განხორციელდება “, – განაცხადა პრესსპიკერმა.  

მანანა მანჯგალაძემ ყურადღება გაამახვილა  ეკონომიკური დიპლომატიის შედეგებზე,  კერძოდ, პრეზიდენტის ვიზიტზე მაროკოში და ასევე პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე ჩინეთსა და ინდოეთში. 

„მთავრობა აქტიურად მუშაობს   ეკონომიკური  თანამშრომლობის გაღრმავებასა და   ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე, ასე რომ,  ეკონომიკური დიპლომატია მუშაობას აგრძელებს. ჩინეთი და ინდოეთი ეს არის  ახალი ბიზნეს არეალი და  დიდი ინტერესის სფერო ჩვენი ქვეყნისთვის. შეხვედრები მაროკოში, ჩინეთსა და ინდოეთში  დაკავშირებულია   დამატებით ახალ ინვესტიციებთან, რაც პირდაპირ კავშირშია ახალ სამუშაო ადგილებთან”, – აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერის განცხადებით, რამდენიმე დღეში  ექსპლუატაციაში შევა ნინოწმინდა-წალკის 223 –კილომეტრიანი გზატკეცილი. აღნიშნული პროექტი დიდი მნიშვნელობისაა. გზის მარშრუტი იწყება სოფელ თელეთიდან, დაბა წალკის გავლით ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრისკენ, ახალქალაქიდან კარწახის გავლით თურქეთის საზღვრისკენ. პროექტის სრული ღირებულება 203 მილიონი აშშ დოლარია. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა 15 ახალი ხიდის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 2 300-ზე მეტი ადამიანი. ამათგან, 70 პროცენტი ადგილობრივი მოსახლეა.

მანანა მანჯგალაძემ კიდევ ერთ პროექტზე, სათაფლიას ტურისტულ-სამეცნიერო ცენტრის გახსნაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ განახლებული ინფრასტრუქტურის ცენტრი ტურისტების მიღებას უკვე ნოემბრის ბოლოდან შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი