ეკონომიკა

კიდევ ერთი ანტიკონტრაბანდული ოპერაცია

2 ნოემბერი, 2010 • • 1205
კიდევ ერთი ანტიკონტრაბანდული ოპერაცია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით კონტრაბანდული ტვირთის შემოტანის ბრალდებით, დანაშულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებმაც, სამართალდამცავების თქმით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენებით, აზერბაიჯანიდან  სხვადასხვა სახის საქონელი საბაჟო წესების გვერდის ავლით საქართველოში შემოიტანეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ  აზერბაიჯანის მოქალაქეები, ბაქოში მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი მეჰმან ჰასანოვი და ელმარ თაგიევი, დაუკავშირდნენ საქართველოში მცხოვრებ  თანამზრახველებს – მეჰმან ხუბანოვს და  აჰლიმან მამედოვს. აღნიშნულმა პირებმა სხვადასხვა ობიექტებზე მომუშავე ინდმეწარმეებთან ერთად საბროკერო ფირმა შპს „ბროკ სერვის ჯორჯიას“ თანამშრომლების – კონსტანტინე მიქელაძისა და ლია ქართველიშვილის დახმარებით, შეადგინეს ყალბი ინვოისები, საბაჟო დეკლარაციაში შეიტანეს ყალბი მონაცემები და აზერბაიჯანიდან საქართველოში კონტრაბანდულად შემოიტანეს რამდენიმე ათეული ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების პროდუქცია.

 ფართომასშტაბიანი ანტიკონტრაბანდული ღონისძიების შედეგად, პასუხისგებაში მიეცა 40 პიროვნება, აქედან პატიმრობა შეეფარდა 18 პირს, გირაო  – 22 მოქალაქეს. 

 აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი 25 ოქტომბერსაც დაფიქსირდა – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა  მირზა კახიძე და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ოცამდე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც თურქეთიდან საქართველოში, სარფის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით,   სოლიდური ღირებულების შერეული საქონელი შემოჰქონდათ.

აღნიშნული დანაშაულებები კოდექსის 214-ე მუხლით ისჯება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი