ეკონომიკა

ანტიკური განძი ერთ დოლარად

28 ოქტომბერი, 2010 • 2396
ანტიკური განძი ერთ დოლარად

ანტიკური ხანის ნამოსახლარებსა და სამაროვნებს ფიჭვნარში, სადაც უკანასკნელ პერიოდში ოქსფორდის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით ინტენსიური არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, ხელისუფლება ერთ დოლარად ყიდის. მყიდველს კი 15 წლით მოგებისა და ქონების გადასახადისგან ათავისუფლებს. ფიჭვნარში სასტუმროების აშენებაზე სურვილი 28 ინვესტორმა გამოთქვა.

«ძეგლის ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, აუცილებელია ინვესტორმა წინასწარ გაიღოს თანხები მისი არქეოლოგიური შესწავლისთვის, რის შემდეგაც გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება მშენებლობის წარმოება», _ ეს ბათუმელი არქეოლოგების მოთხოვნაა, რაც, ბუნებრივია, ინვესტორთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტში ასახული არ არის. პრეზიდენტის ინიციატივით, ფიჭვნარში მიწა, ყოველგვარი პირობის გარეშე, სიმბოლურ ფასად გაიყიდება.

ხელისუფლების გათვლებით, ახალი სასტუმროები ექსპლუატაციაში მომავალი წლის აგვისტომდე უნდა შესულიყო. მეცნიერების მტკიცებით კი, ტერიტორია, სადაც ახალი სასტუმროები უნდა აშენდეს, ძეგლია და აგვისტომდე არქეოლოგიური გათხრების დასრულებაც კი ვერ მოხერხდება _ თუ ასეთი სამუშაოები საერთოდ დაფინანსდა.

მკვლევარების თქმით, ფიჭვნარის სამაროვნის მასალები ფასდაუდებელია, ერთი მხრივ, ძველი კოლხეთის ანტიკურ სამყაროსთან

ურთიერთობის შესწავლისთვის, ხოლო მეორე მხრივ, შავიზღვისპირეთის ბერძნული კოლონიზაციისა და, ზოგადად, ანტიკური სამყაროს ისტორიისა და კულტურის პრობლემების კვლევის თვალსაზრისით.

ძეგლის ასეთი დიდი მნიშვნელობისა და იმის გამოც, რომ მშენებლობისთვის სილის უკანონო გატანა ძეგლს განადგურების საფრთხეს უქმნიდა (ხელისუფლება პროცესს ვერ აკონტროლებდა და არც გათხრებს აფინანსებდა), თანხა ძეგლის შესასწავლად ოქსფორდის უნივერსიტეტმა გამოყო. უკვე 12 წელია ძეგლი ოქსფორდის უნივერსიტეტის დაფინანსებითა და მათი პროფესორებისა და სტუდენტების მონაწილეობით ითხრება. მეცნიერული შესწავლის გარეშე კი ძეგლის ნებისმიერი ნაწილის განადგურება დაუშვებელია.

ფიჭვნარში საქართველოს პრეზიდენტმა «თავისუფალი ტურისტული ზონის» პროექტის პრეზენტაციაზე ხაზი მხოლოდ ფიჭვის ხეების გადარჩენას გაუსვა და აღნიშნა, რომ ინვესტორებმა მშენებლობის დროს არც ერთი ხე არ უნდა მოჭრან. პრეზენტაცია, მართალია, ფიჭვის ხეების ფონზე გაიმართა, მაგრამ ისეთი ადგილი იყო შერჩეული,  სადაც სასტუმროების აშენება არ არის დაგეგმილი. ერთ დოლარად გასაყიდი მიწის ნაკვეთები პრეზენტაციის ადგილიდან 200 მეტრითაა დაშორებული და იქ ფიჭვის ხეები, ფაქტობრივად, არც დგას. მთელი სიმდიდრე აქ მიწაშია დამარხული. ბათუმელი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანეს.

სახელმწიფო სიმბოლურ ფასად მთლიანობაში 115 000 კვ/მეტრი ფართობის მიწის  გასხვისებას გეგმავს. ეს ტერიტორია მოიცავს არქეოლოგიურად შესასწავლი ფიჭვნარის დიუნას (ქვიშაზვინულს) და სამაროვნების ნაწილს. 12 ჰექტარამდე ტერიტორიიდან  მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია შესწავლილი.

ძეგლის ადგილზე სამი ტიპის _ 5, 6 და 7-სართულიანი 30 სასტუმრო უნდა აშენდეს. ინვესტორი სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღებს პროექტს. სახელმწიფო უზრუნველყოფს კომუნიკაციების (ელექტროენერგია, წყალი, კანალიზაცია, გაზი) ობიექტამდე მიყვანასაც.

თუ სასტუმროები ექსპლუატაციაში 2011 წლის აგვისტომდე შევიდოდა, ინვესტორი 15 წლით მოგებისა და ქონების გადასახადისგანაც გათავისუფლდებოდა. თუმცა, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, ექსპლუატაციაში გაშვების ვადა შესაძლოა მომავალი წლის ბოლომდე გადაიდოს. ტერიტორია სამშენებლო მოედნად სახელმწიფომ უნდა მოამზადოს, რაც დროში გაიწელა (დღეს იქ სამუშაოები არ ტარდება. თვითმხილველების თქმით, მხოლოდ ორი ადგილი გაბურღეს და ტერიტორია აზომეს). ამასთან, შესაბამისი კანონი უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმაც.

დაკანონებული არ არის სასტუმროების მფლობელების მოგებისა და ქონების გადასახადებისგან გათავისუფლებაც. ფინანსთა მინისტრმა _ კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები ახალ საგადასახადო კოდექსში მოგვიანებით აისახება. ექსპერტების განცხადებით კი, ინვესტორებს გარანტიები მშენებლობის დაწყებამდე სჭირდებათ.

ქვეყნის მთავრობა ფიჭვნარის «თავისუფალ ტურისტულ ზონაში» ინვესტორთა გადასახადებისგან გათავისუფლების ეკონომიკურ მხარეზე არ საუბრობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვარაუდით, «მომავალი წლიდან ქობულეთს ორი ათასამდე სასტუმროს ნომერი დაემატება და დაახლოებით 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება».

სასტუმროების აშენებაზე ინვესტორებმა სურვილი უკვე გამოთქვეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დღეისთვის 28 იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა 51 კორპუსის აშენებაზე შეიტანა განაცხადი, მათგან ოთხმა უცხოურმა კომპანიამ და ამდენივე ფიზიკურმა პირმა (სომხეთიდან, ბელორუსიიდან, ესპანეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ტაილანდიდან, ესტონეთიდან, თურქეთიდან).

სამინისტროში ინვესტორთა ვინაობას არ ასახელებენ. «ბათუმელებმა» ზოგი მათგანის ვინაობა გაარკვია, მაგალითად, კერძო ინვესტორები _ რამაზ ლომთათიძე, ბესარიონ ხელაშვილი, გოგი გოგიტიძე; კომპანიები _ «გზა», «ფასტ პლიუსი», «ანაბაზისი», «ძველი დედაქალაქი“.

ინვესტორებს განაცხადების წარდგენა 30 ოქტომბრამდე შეუძლიათ. მათთან ხელშეკრულებებიც საქართველოს პარლამენტის მიერ თავისუფალი ტურისტული ზონის შესახებ მიღებული კანონის შესაბამისად გაფორმდება.

ფიჭვნარის ნამოსახლარებს უძრავი ძეგლის სტატუსი 1976 წლიდან ჰქონდა და ის დაცული ტერიტორია იყო. «ვარდების ხელისუფლებამ» ყველა ძეგლს სტატუსი გაუუქმა და მათი ხელახალი აღიარება-რეგისტრაცია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ შედგა ფიჭვნარის ნამოსახლარის, როგორც უძრავი ძეგლის პასპორტიც, არქეოლოგები მისთვის სტატუსის მინიჭებას ბოლო რამდენიმე წელია ამაოდ ითხოვენ. ასეთი ორი ძეგლია აჭარაში _ გონიო-აფსაროსი და პეტრას ციხე.

«სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემთხვევაში ძეგლს ემუქრება განადგურება… აუცილებელია განისაზღვროს ფიჭვნარის არქეოლოგიური დაცვის ზონა, მიენიჭოს უძრავი ძეგლის სტატუსი და დადგინდეს მისი, როგორც უძრავი ძეგლის ტერიტორია», _ აღნიშნულია წერილში, რომელიც ლევან ვარშალომიძეს, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს გია აბულაძეს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს, ნიკოლოზ რურუას და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს უფროსს, ნიკოლოზ ვაჩეიშვილს გადაუგზავნეს.

წერილს ხელს ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის განყოფილების გამგე, ნინო ინაიშვილი, არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი, ფიჭვნარის ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი ამირან კახიძე, პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი ირაკლი ჩავლეიშვილი და გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი შოთა მამულაძე აწერენ.

ფიჭვნარის დიუნური სადგომი ყველაზე კარგად შემორჩენილ დიუნურ სადგომთა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება.

ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლების სისტემატური არქეოლოგიური კვლევა-ძიება XX საუკუნის 60-იანი წლებიდან მიმდინარეობს ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმისა და ბოლო წლებში ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმის მიერ. ამ პერიოდში შესწავლილია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები და მათ შორის უმნიშვნელოვანესი ანტიკური ხანის ნაქალაქართან დაკავშირებული სამაროვნები (ძვ.წ. V-III სს.) დღემდე 1100 სამარხში აღმოჩენილია ანტიკური მხატვრული კერამიკის, ოქრომჭედლობის, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭლის, გლიპტიკის (ლითონსა და ძვირფას ქვებზე მხატვრული ჭრის) შესანიშნავი ნიმუშები და ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის მონეტები.

ფიჭვნარში აღმოჩენილი ძეგლები გამოფენილია ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის სახელმწიფო მუზეუმსა და ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში. ძვირფასი ლითონისგან დამზადებული ნივთები (სამკაულები, ჭურჭელი) კი აჭარის ოქროს ფონდშია დაცული. ამ საგანძურის ექსპონირება დღემდე გადაუწყვეტელი პრობლემაა (იგი ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალში ინახება).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი