ეკონომიკა

საქართველოში ავიარეისების განხორციელების სურვილი ისრაელის უმსხვილესმა ავიაკომპანიებმა გამოთქვეს

22 ოქტომბერი, 2010 • • 1159
საქართველოში ავიარეისების განხორციელების სურვილი ისრაელის უმსხვილესმა ავიაკომპანიებმა გამოთქვეს

18-20 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია  ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა.  ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის მხარესთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი. გარდა ამისა,  ვერა ქობალიამ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ისრაელის  ბიზნეს-საბჭოს მიერ ორგანიზებულ  შეხვედრაში, რომელსაც  ისრაელის წამყვანი კომპანიების 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ  ეკონომიკა საქართველოში დინამიურად  ვითარდება – “საქართველო  ქვეყანაა, სადაც თქვენთვის კარი ღიაა და  ბევრი შესაძლებლობაა. როგორც ეკონომიკის მინისტრი, გპირდებით, რომ ვიდგები თქვენს გვერდით, ვიდრე თქვენი ბიზნესი არ ამუშავდება, განვითარდება და მოგებას არ მოიტანს”.

ვერა ქობალია ისრაელის ტრანსპორტის მინისტრსაც შეხვდა და მასთან საუბრისას ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის სფეროში ახალი შეთანხმების გაფორმების თაობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, ისრაელსა და საქართველოს შორის არსებული პირდაპირი რეისები ბაზრის მოთხოვნას ვეღარ პასუხობს, ამიტომ მათი რაოდენობის გაზრდაა აუცილებელი, სავარაუდოდ, ბაზარზე ორივე მხრიდან სამ-სამ ავიაკომპანიას უნდა მიეცეს რეისების განხორციელების საშუალება. როგორც მან აღნიშნა, ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენა გაზრდის კონკურენციას და ხელს შეუწყობს ბილეთებზე ფასის დაკლების პროცესს. ვერა ქობალიას  თქმით, საქართველოში საჰაერო რეისების განხორციელების სურვილი გამოხატეს ისრაელის უმსხვილესი ავიაკომპანიების ხელმძღვანელებმა, მათ შორის, ავიაკომპანიამ “ელ-ალი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი