ეკონომიკა

შემოსავლების სამსახურის მომსახურება ფასიანი გახდა

20 ოქტომბერი, 2010 • • 1063
შემოსავლების სამსახურის მომსახურება ფასიანი გახდა

ორი კვირის წინ შემოსავლების სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირად იქცა,რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მომსახურება ახლა უკვე ფასიანია. ამიერიდან კომპანიებმა ნებისმიერი სერვისისთვის, რაც დასჭირდებათ, შემოსავლების სამსახურს ფული უნდა გადაუხადონ. ბიზნესი საგადასახადო-საბაჟო უწყებას  გადასახადებსაც გადაუხდის და  მომსახურებაც ფასიანი იქნება. ფასიანი იქნება, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიებისთვის შეთავაზებული პირადი აგენტის სერვისიც. აქამდე მსხვილ გადამხდელებს სამსახურის თანამშრომლები ფინანსურ დოკუმენტაციას უფასოდ უმზადებდნენ  და  სხვა საგადასახადო ანგარიშგებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც უგვარებდნენ. ახლა ამ მომსახურებაში მათ ექვს თვეში 2 ათასი ლარი უნდა გადაიხადონ. პირადი საგადასახადო აგენტის აყვანა ნებაყოფლობითია. როგორც შემოსავლების სამსახურში ამბობენ,  აგენტის მომსახურებაზე მოთხოვნა გაზრდილია და კონტრაქტორთა რიცხვი უკვე 14-ზე მეტია.

რამდენიმე დღის წინ შემოსავლების სამსახურმა კომპანიებს აუდიტორული შემოწმებაც შესთავაზა. ბიზნესს შეუძლია აუდიტორის შემოწმება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სიხშირით მოითხოვოს. სერვისის ფასს ბიზნესს წლიური ბრუნვის შესაბამისად განუსაზღვრავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი