ეკონომიკა

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება

20 ოქტომბერი, 2010 • • 1014
საფრანგეთში  საპროტესტო აქციები  გრძელდება

საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში მილიონობით ადამიანია გამოსული. საპროტესტო აქციები 200 – მდე ქალაქში მიმდინარეობს. მუშების გაფიცვის შედეგად, ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები გაჩერდა, რამაც ქვეყანაში ბენზინის დეფიციტი გამოიწვია. 2500 – მდე ბენზინგასამართი სადგური დახურულია. საფრანგეთის მთავრობამ მკაცრად მოუწოდა ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების  სფეროში მომუშავე მუშებს, ორშაბათიდან ყველა სამუშაო ადგილს დაუბრუნდეს, რათა ბენზინის დეფიციტს ბოლო მოეღოს.

დემონსტრანტების უკმაყოფილება საფრანგეთის პარლამენტში  20 ოქტომბერს განსახილველ კანონპროექტს მოჰყვა, რომელიც საპენსიო ასაკის 62 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. მათი აზრით, 60 წელი, საფრანგეთის სოციალური პირობებიდან გამომდინარე, სრულიად შესაფერისი საპენსიო ასაკია. დემონსტრანტებმა, პროტესტის ნიშნად, საფრანგეთის ათეულობით ქარხანა და ნავთობის დეპოები ბლოკადაში მოაქციეს.

თავის მხრივ, სარკოზის კონსერვატიული მთავრობა აღნიშნავს, რომ 62 წელი ყველაზე დაბალი საპენსიო ასაკია მთელს ევროპაში და ფრანგების სიცოცხლის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ბიუჯეტი, პენსიის სახით, საკმაოდ დიდ თანხას კარგავს.

ნიკოლა სარკოზის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ ბრძოლა კი კვლავ გრძელდება, რაც საფრანგეთში  სპეცრაზმთან შეტაკებებს და ქაოსს იწვევს, თუმცა პრეზიდენტი უკან დახევას არ აპირებს და სამართალდამცავებს წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდებს.

საფრანგეთის მთავრობამ ნაციონალურ ავიახაზებს სამშობლოში დაბრუნება ურჩია, რადგან პროფკავშირები უფრო მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გეგმავენ, რაც საავიაციო და საავტომობილო მიმოსვლის სერიოზულ შეფერხებას გამოიწვევს. ამჟამად საფრანგეთის ავიაციის ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება ფრენების 50% – ის გადადების შესახებ, ჯამში, 100 – მდე რეისი გადაიდო.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი მოსახლეობას შეპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს საწვავის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად. მისი თქმით, საფრანგეთის მთავრობა არ დაუშვებს ეკონომიკის დაზარალებას. ქვეყნის ნავთობმრეწველობის ორგანოს ხელძღვანელობამ განაცხადა, რომ მათ ბენზინის საკმარისი მარაგი აქვთ, რომელიც რამდენიმე კვირა ეყოფათ.

რაც შეეხება სარკინიგზო მიმოსვლას, ჩქაროსნულმა მატარებლებმა ორშაბათს განსახორციელებელი რეისების ნახევარი გადადეს, მაგრამ პარიზსა და ლონდონს შორის სარკინიგზო მიმოსვლა ნორმალიზებულია.

დემონსტრანტებს ასობით სტუდენტიც შეუერთდა. სექტემბრიდან მოყოლებული, ეს რიგით მეექვსე საპროტესტო დემონსტრაციაა საფრანგეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი