ეკონომიკა

რუსული კანონით ბანკებს იმის გაკეთებას სთხოვენ, რაც სხვა კანონით ეკრძალებათ

6 სექტემბერი, 2024 •
რუსული კანონით ბანკებს იმის გაკეთებას სთხოვენ, რაც სხვა კანონით ეკრძალებათ

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რუსული კანონი კომერციულ ბანკებს იმგვარი ინფორმაციის გაცემას სთხოვს, რომლის გაცემასაც მათ კომერციული ბანკების შესახებ კანონი არ ავალდებულებს.

საუბარია საბანკო საიდუმლოთი დაცულ ინფორმაციაზე, რაშიც მათ შორის მოქალაქის ან ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების ამონაწერებიც მოიაზრება, ტრანზაქციებიც და ა.შ.

საკანონმდებლო ჩანაწერს იუსტიციის სამინისტრო იმგვარად განმარტავს, რომ ბანკებმა რუსული კანონით უნდა იხელმძღვანელონ, ეროვნულ ბანკს კი ამ დრომდე ოფიციალური, წერილობითი განმარტება არ გაუკეთებია.

როგორ განმარტავს კანონმდებლობას იუსტიციის სამინისტრო

რუსული კანონი აღმასრულებელ ხელისუფლებას არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, ასევე მათი თანამშრომლების შესახებ უამრავი სახის ინფორმაციის მოძიების საშუალებას აძლევს, მათ შორის განსაკუთრებული სახის პირად მონაცემებზეცაა საუბარი, როგორიცაა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სქესობრივი ცხოვრება და სხვა.

როგორც ირკვევა, იუსტიციის სამინისტროს სურს კომერციული ბანკებიდან მიიღოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი თანამშრომლების საბანკო საიდუმლოების ამსახველი ინფორმაცია.

კომერციული ბანკების შესახებ კანონის მე-17 მუხლში განსაზღვრულია ნუსხა, თუ ვის უნდა მიაწოდონ ბანკებმა საბანკო საიდუმლოთი დაცული მონაცემები. კანონი ადგენს რომ კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოთ მხოლოდ ეროვნულ ბანკს და სუბიექტთა ჩამონათვალს, რომელიც ამავე კანონითაა განსაზღვრული.

აღნიშნულ ჩამონათვალში არ გვხვდება საჯარო რეესტრის ფინანსური მონიტორინგის სამსახური, ახლადშექმნილი სტრუქტურა, რომელიც რუსული კანონის აღსრულებაზეა პასუხისმგებელი. თუმცა ეს იუსტიციის სამინისტროს არ აბრკოლებს რომ კანონმდებლობის განსხვავებულად ინტერპრეტირება მოახდინოს.

რას ამბობს კომერციული ბანკების შესახებ კანონის მე-17 მუხლი
  1. არავის აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან პირადი სარგებლობისთვის გამოიყენოს იგი. კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოთ მხოლოდ ეროვნულ ბანკსა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას მათი კომპეტენციის ფარგლებში.
  2. ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), განხორციელებული გადახდის ოპერაციის, ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეს შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეს, გადახდის ოპერაციის განხორციელებისას − გადამხდელ პირს ან/და მიმღებ პირს, შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მათ წარმომადგენლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, საგადასახადო ორგანოს − საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების, „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, აგრეთვე „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. ეს ინფორმაცია შეიძლება გაიცეს აგრეთვე სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე.

თამარ ტყეშელაშვილი

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი კანონი [რუსული კანონი. ნეტ] უწყებას აძლევს შესაძლებლობას გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის იმგვარი ცნობებიც, რომელიც განსაკუთრებული პერსონალური ინფორმაციის კვალიფიკაციის ქვეშაა.

„ჩვენ ამ კანონს ასე ვკითხულობთ, რომ უფლება გვაქვს გამოვითხოვოთ, მათ შორის, საბანკო ამონაწერები. მათ [ბანკებს] ევალებათ ჩვენთვის ამ ინფორმაციის მოწოდება და ყველას რჩება სხვა ბერკეტები მათ შორის გასაჩივრება იქნება ეს თუ სხვა, ვინმე რამეს თუ ეწინააღმდეგება,“ — თქვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა პრეზიდენტის წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ.

რა წერია რუსულ კანონში

მე-4 მუხლი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია განაცხადის სააგენტოსთვის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს განაცხადი.

ამ მიზნით ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია.

ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.

გიორგი ბურჯანაძე მოპასუხე მხარეს ეკითხებოდა შეეძლოთ თუ არა ბანკიდან ინფორმაციის გამოთხოვა რუსული კანონის საფუძველზე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული კომენტარი შეახსენა.

ეროვნული ბანკის პოზიცია

ეროვნულ ბანკს ამ დრომდე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია, თუ რა რეკომენდაციას გასცემს კომერციული ბანკებისთვის. ამ საკითხზე „ნეტგაზეთმა“ მარეგულირებელ ორგანოს კითხვით პირველად 30 სექტემბერს (სტატიის გამოქვეყნებამდე 1 კვირით ადრე) მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

თუმცა, არსებობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარი, რომელიც 30 ივლისით თარიღდება. Bm.ge-სთან კომენტარში თურნავა აცხადებს, რომ საბანკო კონფიდენციალურობა სპეციფიკური კანონმდებლობითაა დაცული და რუსულ კანონს მათთან პირდაპირი შეხება არ აქვს:

„ზოგადად, საბანკო კონფიდენციალურობა დაცული არის სპეციალური კანონმდებლობით, რომელიც არეგულირებს საბანკო სექტორს. აქედან გამომდინარე, კანონს ჩვენთან პირდაპირი შეხება ამ კუთხით არ აქვს. ზოგადად, გამჭვირვალობას მივესალმებით. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სტრუქტურა, მაგრამ უშუალო შეხება საფინანსო სექტორთან და კონფიდენციალობასთან არ აქვს,“ — აცხადებდა ნათია თურნავა.

თურნავას ამ კომენტარიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კანონს იუსტიციის სამინისტროსგან განსხვავებულად განმარტავს, თუმცა ბუნდოვანი რჩება, იქნება თუ არა ეს ეროვნული ბანკის საბოლოო პოზიციაც.

რას ამბობენ ბანკებში

ეროვნული ბანკისგან დამატებით განმარტებას ელოდებიან კომერციული ბანკებიც.

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე, რომელიც ქვეყანაში მოქმედ კომერციულ ბანკებს წარმოადგენს, „ნეტგაზეთთან“ აცხადებს, რომ ეროვნული ბანკისგან დამატებით განმარტებების მიღებისთანავე გაგვიზიარებს მის შინაარსს.

მანამდე, ძნელაძემ Bm.ge-სთან აღნიშნა, რომ საბანკო სექტორი კომერციული ბანკების შესახებ კანონით ხელმძღვანელობს, რომელიც დარგის მარეგულირებელია და ეროვნული ბანკის მითითებებით, რითაც გააგრძელებენ საქმიანობას. მისი თქმით, სხვა ყველაფერი პრაქტიკაში იქნება ასახული და დააკვირდებიან რა მიმართულებით იმოქმედებენ.

იურისტის მოსაზრება

ნეტგაზეთმა კითხვით, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საბანკო სექტორმა, როცა ორი კანონი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში შეიძლება მოდიოდეს, იურისტ ირაკლი კორძახიას მიმართა.

იურისტის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ნორმატიული აქტების კანონის თანახმად, უფრო გვიან მიღებულ კანონს აქვს უპირატესობა (რომელიც ამ შემთხვევაში რუსული კანონი იქნება, რაკიღა ის უფრო ახალი მიღებულია), რუსული კანონის მე-4 მუხლის რეგულირება იმდენად ზოგადია, შეიძლება იმგვარადაც განიმარტოს, რომ ეს არ ეხება საბანკო საიდუმლოებას:

„კანონმდებელს რომ სდომებოდა ეს გავრცელებულიყო კომერციულ საიდუმლოებაზე, ის აუცილებლად შეცვლიდა მე-17 მუხლს კომერციული ბანკების კანონში. რა თქმა უნდა, სასამართლოს გადასაწყვეტია საბოლოოდ, კანონებს შორის კოლიზიის განმარტება თუ ეს კოლიზიად ჩაითვალა, მაგრამ მე როგორც იურისტი, უპირატესობას ვანიჭებ მე-17 მუხლს.

იმიტომ, რომ იქ ჩამოთვლილი სახელმწიფო ორგანოების სია არ შეცვლილა და არ დამატებულა მას ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც მდებარეობს საჯარო რეესტრში,“ — აღნიშნავს იურისტი.

იურისტი ირაკლი კორძახია

იურისტი მიიჩნევს, რომ აბსოლუტურად სწორია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განმარტება, იმის შესახებ, რომ ბანკებმა არ უნდა მიაწოდონ ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრს. თუმცა, ის ოფიციალური წერილობითი განმარტების აუცილებლობასაც ხედავს:

„დღეს გვაქვს ზეპირი განმარტება კომერციული ბანკების რეგულატორის მხრიდან. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტია, მაგრამ მაინც ზეიპირი განმარტებაა და მისთვის კანონიერი ნდობა ცოტა რთული მისანიჭებელია,“ — აღნიშნავს იურისტი.

მისი თქმით, თუ ეროვნული ბანკის ეს პოზიცია არ შეიცვლება, იუსტიციის სამინისტროს შეეძლება ის კომერციული ბანკები, რომლებიც საბანკო საიდუმლოების შემცველ მონაცემებს არ მიაწვდიან, 5 000 ლარით დააჯარიმოს, რის შემდეგაც დავა სასამართლოში გადაინაცვლებს და უკვე ის დაადგენს სწორ პრაქტიკას.

იმ შემთხვევაში კი თუ ბოლოს ეროვნული ბანკის პოზიცია იუსტიციის სამინისტროსას დაემთხვევა, კომერციულ ბანკებს ამის გასაჩივრებაც შეეძლებათ:

„რეგულატორი ამ შემთხვევაში არის ეროვნული ბანკი. იმისთვის რომ ბანკმა არ გაწიოს რაიმე რისკი ის ისტორიულად უფრო მეტად აღასრულებს რეგულატორის მითითებს და არა იმ ორგანოს მითითებებს, რომელიც არ არის რეგულატორი, თუ ეს მითითებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო.

თუ სახელმწიფო უწყებები განმარტავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე-17 მუხლში არ წერია ეს
ახალი ორგანო, მაინც უპირატესობა უნდა მიენიჭოს რუსულ კანონს, ამ შემთხვევაში კომერციული ბანკების გადასაწყვეტი იქნება შეეწინააღმდეგონ ამას და სასამართლოს გადააწყვეტინონ ეს დავა, თუ აღასრულონ ეროვნული ბანკის მითითება.

მე იმედი მაქვს არ შეიცვლის პოზიციას ეროვნული ბანკი იმიტომ, რომ ეს პირველ რიგში ეროვნული ბანკისთვის იქნება
დამაზიანებელი. თუმცა, ზოგადად ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების არ აღსრულება არის პრობლემური ბანკებისთვის მათ შორის მათთვისაც, ვინც საერთაშორისო საფონდო ბირჟებზეა გასული,“ — აცხადებს იურისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი