საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინელი დეპუტატები გუშინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვერა ქობალიას შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და ლიბერალური ბიზნეს-გარემო, მათ ასევე განიხილეს ორ სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის საკითხები.
უკრაინულ დელეგაციას უკრაინის უმაღლესი რადის სამრეწველო, მარეგულირებელი პოლიტიკისა და სამეწარმეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნატალია კოროლევსკაია ხელმძღვანელობს.
’’უკრაინელების უმეტესობამ იცის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ამიტომ ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, დეტალურად გავეცნოთ თქვენთან განხორციელებულ რეფორმებს, ეკონომიკური თავისუფლების აქტზე მიმდინარე მუშაობას, ლიბერალურ საკანონმდებლო გარემოს, მიმზიდველი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობას და სხვა. თქვენი პრაქტიკა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და გვსურს, დეტალურად შევისწავლოთ აღნიშნული საკითხები. იმედი მაქვს, მალე ქართულ დელეგაციას ჩვენთანაც ვიხილავთ სტუმრად, რადგან ეკონომიკური ინტეგრაციისა და ერთობლივი თანამშრომლობის ძალიან დიდ შესაძლებლობებს ვხედავთ” – განაცხადა ნატალია კოროლევსკაიამ.
”ჩვენ გადავწყვიტეთ, შევქმნათ ქართულ-უკრაინული ფორუმი იმისათვის, რომ უფრო მეტი ინვესტორი მოვიწვიოთ უკრაინიდან და ერთობლივად ვიმუშავოთ დიდ საინვესტიციო პროექტებზე” – აღნიშნა ვერა ქობალიამ.