ეკონომიკა

მასობრივი დაკავება თბილისის სავაჭრო ცენტრებში

6 ოქტომბერი, 2010 • 1311
მასობრივი დაკავება თბილისის სავაჭრო ცენტრებში

როგორც ცნობილია, 5 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურმა სავაჭრო ცენტრების – „კიდობნისა“ და „პასაჟის“ – 70 თანამშრომელი დააკავა, აგრეთვე, დაკავებულ იქნა  კომპანია „ტრანსის“ მენეჯერი და თანამშრომლები, რომლებიც აღნიშნული სავაჭრო ცენტრების მაღაზიებს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ამარაგებდნენ. დაკავების მიზეზად კომპანია „ტრანსის“ მიერ  დოკუმენტაციის გაყალბება სახელდება. როგორც აღმოჩნდა, მან, ნაცვლად იმისა, რომ თითოეული ინდ-მეწარმისთვის, რომელსაც იგი ემსახურებოდა, ზედნადები  სათითაოდ გამოეწერა, ყველასთვის საერთო დოკუმენტაცია გამოწერა.  

ეკონომიკის ექსპერტის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, სრულიად გაუმართლებელია  მცირე მეწარმეების  მასობრივად დაკავება. ამ სიტუაციაში საკმარისი იქნებოდა მათი გაფრთხილება და იმ ადამიანების დასჯა, რომელთაც აღნიშნული დოკუმენტაცია გააყალბეს. მისივე თქმით, საქართველოში მცირე მეწარმეებს, ბიზნესს სერიოზული მხადაჭერა სჭირდება და აღნიშნული ფაქტი, ლიბერალური ეკონომიკის პირობებში, სრულიად გაუმართლებელია.  ირაკლი ლექვინაძის თქმით, არ არის გამორიცხული, მთავრობა, აღნიშნული მასობრივი დაკავებებით, „მაგალითს აძლევდეს“  სხვა მცირე მეწარმეებს, რათა მათ მსგავსი შეცდომები თავიდან აიცილონ, თუმცა, დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად, საგადასახადო სამსახურის ნებისმიერ წარმომადგენელს შეუძლია მცირე მეწარმის გაკონტროლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი