ეკონომიკა

საბერძნეთის ეკონომიკა კრიზისს მალე დაძლევს

6 ოქტომბერი, 2010 • • 1271
საბერძნეთის ეკონომიკა კრიზისს მალე დაძლევს

სარეიტინგო სააგენტო „Moody’s“-მა დღეს განაცხადა, რომ ათენის ნაბიჯები შთამბეჭდავია. თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ საბერძნეთის საგარეო ვალი კვლავ იზრდება და 2010 წელს  მშპ-ის თითქმის 133%-ს მიაღწევს. 2011-ში კი რეკორდულ 142%-მდე ავა.

რადიო  „კომერსანტის“ ცნობით, საბერძნეთის საბიუჯეტო პოლიტიკას პირველი შედეგები მოაქვს. ოფიციალური ათენის ინფორმაციით, საბიუჯეტო დეფიციტი წელს მშპ-ის მხოლოდ 7,8%-ს შეადგენს, ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი 8,1%-ის ნაცვლად. 2011 წლისთვის კი ეს მონაცემი 7%-მდე ჩამოვა. გაზეთი „კვირის პალიტრა“ ჯერ კიდევ ივნისის ნომერში იუწყებოდა, რომ საბერძნეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, უნგრეთის მთავრობები ხარჯების შეკვეცას ვეღარ ახერხებენ. საბერძნეთს ვერც ევროპის მილიარდიანმა დახმარებამ უშველა და, კრიზისი იმდენად გაღრმავდა, რომ ქვეყანას უკვე ევროზონიდან გაძევებას უწინასწარმეტყველებენ.  იგივე კომერსანტის მასალებზე დაყრდნობით, საბერძნეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ მომავალ წელს დეფიციტი 16,28 მილიარდამდე შემცირდება. მანამდე კი ევროკომისია და სავალუტო ფონდი ამ მონაცემს 18,5 მილიარდის ფარგლებში ელოდებოდნენ. თუმცა ყოველივე ამის მიუხედავად, საბერძნეთის მთავრობა ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ ქვეყნის ფინანსურმა სისტემამ გაჯანსაღება დაიწყო, რისი მიზეზადაც გადასახადების გაზრდა და სახელმწიფო ხარჯების შემცირება სახელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი