ფინანსთა მინისტრმა 2011 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა 2011 წლის ბიუჯეტის ძირითადი მონაცემები გუშინ წარადგინა, რომლის მიხედვითაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა განისაზღვრა 4.5%-ით, ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები შეადგენს     6 მილიარდ 960 მილიონ ლარს. 5 მილიარდ 300 მილიონი ლარით  განისაზღვრა საგადასახადო შემოსავლები,  რაც მთლიანი ბიუჯეტის 76%-ს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები დაგეგმილია მშპ-ს 29%-ის ფარგლებში. ეტაპობრივად გაგრძელდება მისი შემცირება და 2013 წლისთვის იგი არ გადააჭარბებს მშპ-ს 25%-ს, აცხადებს ბაინდურაშვილი.

მომავალი წლის ბიუჯეტში აისახა მთავრობის ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები.  მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად მისი რესურსების  ძირითადი ნაწილი მოხმარდება ისეთი პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა განათლება, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა.

2011 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში მომავალი კვირიდან დაიწყება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი