ეკონომიკა

ჯერჯერობით უკანონო შეღავათები ინვესტორებს

23 სექტემბერი, 2010 • 1121
ჯერჯერობით უკანონო შეღავათები ინვესტორებს

ეკონომიკის სამინისტრომ ქობულეთის ე.წ. თავისუფალ ტურისტულ ზონაში ინვესტორებისგან წინადადებების მიღება მანამ დაიწყო, სანამ ამ საკითხზე პარლამენტი იმსჯელებდა. როგორ დარეგულირდება სამართლებრივად თავისუფალ ტურისტულ ზონაში განთავსებული სასტუმროებისთვის შეღავათები, ნეტგაზეთს პრემიერ- მინისტრმა ნიკა გილაურმა განუმარტა:

”ამ ადგილზე ინვესტორებისათვის შეღავათიანი რეჟიმის ამუშავება მოხდება კანონმდებლობაში შესწორებების შეტანით, უფრო კონკრეტულად კი „საგადასახადო კოდექსში“ შევა ცვლილებები, რაც მხოლოდ ამ ადგილზე მშენებლობებს შეეხება”.  

როგორც გილაურმა აცხადებს, სწორედ ამ ადგილზე მშენებლობების მიმართ  აქამდე დაბალი იყო ინტერესი ინვესტორების მხრიდან და მთავრობამ ამიტომ მიიღო  ასეთი გადაწყვეტილება.

ქობულეთში, კერძოდ, ფიჭვნარში თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნაზე პირველად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა.

მან 11 სექტემბერს, ბათუმში გამართულ მთავრობის სხდომაზე ქობულეთის ფიჭვნარი თავისუფალ ტურისტულ ზონად გამოაცხადა. რაც ნიშნავს,რომ ბიზნესმენი, რომელიც 2 დან 4 მილიონამდე ინვესტიციას განახორციელებს  სასტუმროს მშენებლობაში,  მშენებლობა დამთავრდება და ობიექტი ექსპლუატაციაში შევა 2011 წლის 1 აგვისტომდე, ინვესტორი მომდევნო 15 წლის განმავლობაში    მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან გათავისუფლდება.

მოგვიანებით, 15 სექტემბერს, ეკონომიკის და მდგარდი განვითარების სამინისტრომ განაცხადების მიღება დაიწყო.

რამდენიმე დღის წინ კი ნაციონალურ ტელეარხებზე სარეკლამო რგოლები გავიდა, რომელიც ინვესტორებს თავისუფალ ტურისტულ ზონაში თანხის დაბანდებისკენ მოუწოდებს: ”გამდიდრდით თქვენ, დასაქმეთ სხვები, გაალამაზეთ ქვეყანა”.

საგადასახო კოდექსში ცვლილება, ნიკა გილაურის განმარტებით, მხოლოდ კონკრეტულ ადგილზე, ქუბულეთის ფიჭვნარში მშენებლობას შეეხება.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს  პარლამენტი იღებს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს საკითხის განხილვა არ დაუწყია, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინსიტრო განცხადებებს წინსწრებით იღებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, კახა კოჟორიძე ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტავს,რომ ”ცხადია გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პარლამენტის პრეროგატივაა”, თუმცა გამომდინარე იქიდან,რომ ნაციონალურ მოძრაობას უმრავლესობა აქვს, ისინი არა მხოლოდ საგადასახო კოდექსში იღებენ ცვლილებებს, არამედ კონსტიტუციასაც ცვლიან. ”თუმცა პრემიერ მინისტრმა ან პრეზიდენმა რაც არ უნდა თქვას, პარლამენტის გადასაწყვეტია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს”,-ამბობს კოჟორიძე.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამ დრომდე, მათივე თქმით, ოთხი განაცხადია შესული.

ხოლო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფალ ტურისტულ ზონაში ბიზნესის დაწყებით 10 ინვესტორი  დაინტერესდა  9 საქართველოდან და 1 სომხეთიდან.  

” მთავრობა დაინტერესებულია ამ ადგილზე სამ–ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობით და პრეზიდენტის დაპირებაც მოგების გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ სწორედ ამას ეხებოდა” – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ნეტგაზეთს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი