ეკონომიკა

რუსეთის ალტერნატივა ნაპოვნია, თუმცა უფრო ძვირი ჯდება

19 აგვისტო, 2010 • 2026
რუსეთის ალტერნატივა ნაპოვნია, თუმცა უფრო ძვირი ჯდება

რუსული და უკრაინული ხორბლის ჩანაცვლების გზები ქართულმა ხორბლის იმპორტიორმა კომპანიებმა უკვე იპოვნეს, თუმცა სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ხორბალი  ერთ ტონაზე ფასს 30 აშშ დოლარით გაზრდის. 

საქართველოში ერთი ტომარა პურის ფქვილის ფასი დღეს დაახლოებით 40 ლარია, მაშინ, როცა ორი კვირის წინ მისი ღირებულება საშუალოდ 34 ლარი იყო. სოფლის მეურნეობის სამინსიტრო კი აცხადებდა, რომ მარაგი, რომელიც საქართველოს აქვს, საკმარისი იქნებოდა სექტემბრის შუა რიცხვებამდე, შესაბამისად, ხორბალზე ფასის ზრდა, ამავე წყაროზე დაყრდნობით, სწორედ სექტემბრიდან იქნებოდა მოსალოდნელი.

ერთ ტომარა ხორბალზე 6 ლარის მატება  პურის ფასზე უკვე აისახა. ფასმა 10 თეთრით მოიმატა.

ლაშა ნაროუშვილი, პურის მეათე ქარხნის დირექტორი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ქარხანამ პურზე ფასი შეცვალა. მე-10 ქარხანა დღეში დაახლოებით 15 ათას პურს ყიდის. მათ  მიერ წარმოებული პურის ფასი, ისევე, როგორც სხვა ქარხნების, მაღაზიაში დღეს ათი თეთრით მეტია. ანუ, 60 თეთრის ნაცვლად, 70 თეთრი.

ხორბალზე ფასი მთელ მსოფლიოში გაიზარდა და ბოლო წლების მანძილზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ფასის მზარდი მატება მსოფლიო სავაჭრო ბირჟებზე აგვისტოს პირველ კვირაში  იყო განსაკუთრებით შესამჩნევი.  დღევანდელი მდგომარეობით, ფასები დასტაბილურებას იწყებს.

რუსეთის მიერ ექსპორტის აკრძალვასთან ერთად, საქართველოში ხორბლის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, წელს ნაკლები მოვიდა. მეხორბლეთა ასოციაცია ჯერ კიდევ ივლისში აცხადებდა, რომ ხორბლის მოსავალი ბოლო წლების განმავლობაში რეკორდულად მცირე იყო. თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი აცხადებდა, რომ მცირემოსავლიანობის გამო, საქართველო ხორბლის იმპორტს გაზრდიდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 63 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ხორბლის იმპორტი განახორციელა. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ხორბალი ქვეყანაში იმპორტირებულ საქონელთა ხუთეულში შევიდა.

საქართველოში მოყვანილი ხორბალი მოთხოვნის დაახლოებით 10-%-ს აკმაყოფილებს. მოთხოვნის დანარჩენ ნაწილს კი იმპორტირებული ხორბალი ავსებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველო 700 ათას ტონა  ხორბალს მოიხმარს. აქედან, 2009 წლის მაჩვენებლებით, 54 ათასი ტონა ადგილობრივ წარმოებაზე მოდიოდა, იმპორტირებულზე კი– 624 ათასი ტონა.

რუსეთი, რომელიც ხორბლის ექსპორტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანაა და მოსავლის მეოთხედს  ექსპორტზე აგზავნიდა, დღეს, გვალვისა და ხანძრის შედეგად მოსავლის 33%–ის განადგურების გამო, მის ექსპორტს კრძალავს. არ არის ცნობილი, თუ ეს აკრძალვა როდემდე გაგრძელდება. პრეზიდენტი მედვედევი ამბობს, რომ  წლის ბოლომდე, პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი კი აცხადებს, რომ ხორბლის ექსპორტის აკრძალვა შესაძლოა 2011 წელსაც განხორციელდეს.

საქართველოში ხორბლის ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია. შემდეგ მოდის უკრაინა და ყაზახეთი. რუსეთის მიერ ექსპორტის აკრძალვა ქართველ იმპორტიორებს ახალი ბაზრის ძიებისკენ უბიძგებს, მით უფრო, რომ უკრაინამ კვოტირება განახორციელა და  ხორბლის ექსპორტი შეზღუდა. ხორბლის ექსპორტის აკრძალვამდე მოქმედი სამი იმპორტიორი ქვეყნიდან, ერთადერთი ქვეყანა ყაზახეთია, საიდანაც საქართველოში 2010 წელს ხორბალს შემოიტანენ.

ქვეყანაში მოქმედი ხორბლის იმპორტიორი კომპანიები აცხადებენ, რომ  ხორბლის  იმპორტს ამერიკიდან,  ევროპიდან და ყაზაზეთიდან განახორციელებენ. თუმცა ფასში სხვაობა იქნება.

ქეთევან კუბლაშვილი, ხორბლის იმპორტიორი კომპანია “აგრიკომის” დირექტორი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ხორბლის ფასი ერთ ტონაზე 30 აშშ დოლარით მოიმატებს.

“ისეთი დრამატული ნახტომები ფასზე, როგორებიც რამდენიმე ხნის წინათ იყო, აღარ იქნება, ჩვენ სექტემბრის შუა რიცხვებში შემოვიტანთ ხორბალს, სავარაუდოდ, ამერიკიდან, ეს იქნება 25 ათასტონიანი გემი, მოგვიანებით კიდევ შემოვიტანთ ამდენივეს”.

კუბლაშვილი ასევე საუბრობს ყაზახურ ხორბალზე. ჩვენთან საუბრისას „აგრიკომის“ დირექტორი ამბობს, რომ ისევე, როგორც „აგრიკომი“, სხვა კომპანიებიც  ქვეყანაში ხორბლის იმპორტს ყაზახეთიდანაც განახორციელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი