საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2010 წლის პირველ ნახევარში 1510 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც სამი პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე. საგარეო ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლები დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
საერთო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2952 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან 721 მილიონი დოლარი ექსპორტზე მოდის. კვლავ გაცილებით მეტია იმპორტის მაჩვენებელი. ის საქსტატის მონაცემებით, 2231 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია როგორც იმპორტი (13%), ასევე ექსპორტი (40%).
თუკი საქართველოს საგარეო ვაჭრობის ზოგად ტენდენციებს გადავხედავთ, უახლოესი 5 წლის მანძილზე, 2010 წლის მაჩვენებელი მხოლოდ 2008 წლის საგარეო ვაჭრობის მონაცემებს ჩამოუვარდება. მაგალითად, 2005 წლის პირველ ნახევარში 373 მილიონით განისაზღვრებოდა ექსპორტი, იმპორტი კი – 982 -ით. 2008 წლამდე ექსპორტი და იმპორტი ყოველ წელს იზრდებოდა, განსხვავებით 2009 წლისგან, როდესაც შემცირდა ექსპორტიც და იმპორტიც. წლევანდელი მონაცემები, მართალია, აღემატება 2009 წლის მაჩვენებელს, თუმცა კვლავ საგრძნობლად ჩამორჩება 2008 წლის ექსპორტის და იმპორტის რაოდენობას. მაგალითად, თუ 2008 წელს იმპორტი 3197 მილიონ დოლარს შეადგენდა, წელს ეს ციფრი 2231 მილიონია. ექსპორტს რაც შეეხება, 2008 წელს ის 796 მილიონი იყო, წელს კი– 721-ია.
მიმდინარე წლის 6 თვეში, ყველაზე წარმატებული თვე მაისი იყო. სწორედ მაისში განხორციელდა, ყველაზე დიდი ოდენობით, როგორც ექსპორტი (138 მილიონზე მეტი), ასევე იმპორტი (424 მილიონზე მეტი). ნაკლებად აქტიური თვე იყო იანვარი, როდესაც ყველაზე ნაკლები ოდენობის ექსპორტ-იმპორტი განახორციელა ქვეყანამ.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა დსთ-ს ქვეყნებთან წელსაც უფრო მეტია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებთან. მაგალითად, დსთ-ს ქვეყნებთან ბრუნვამ 945 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით25%–ით მეტი), ხოლო ევროკავშირის ქვეყნებთან ბრუნვამ შეადგინა 771 მილიონი აშშ დოლარი (გასული წლის მაჩვენებლზე 16%–ით მეტი). აქედან დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 273 მილიონი აშშ დოლარია, იმპორტი – 672. ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი 137 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი – 634.
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა შორის, პირველ ადგილზე კვლავ თურქეთი რჩება. სამეულში შედის კიდევ ორი მეზობელი ქვეყანა, აზერბაიჯანი და უკრაინა. საქსტატის მონაცემებით, აშშ მეოთხე პოზიციაზე, ხოლო რუსეთი კი მეექვსეზეა.
საექსპორტო საქონელს შორის, წელსაც, გასული წლის მსგავსად, ფეროშენადნობები პირველ ადგილზეა, 17.9 პროცენტული წილით მთელ ექსპორტში. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები, მესამეზე კი შავი ლითონის ჯართი.
ნავთობის, ნავთობპროდუქტების იმპორტი 292 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით განხორციელდა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. ამ მაჩვენებლით ნავთობი და ნავთობპროდუქტები საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებში პირველ ადგილზეა და მისი წილი 13%–ია მთელი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიდან. მსუბუქი ავტომობილები მეორე ადგილზეა, მესამეზე კი სამკურნალო საშუალებები, რომელთა იმპორტი, გასულ წელთან შედარებით, 12 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და შედეგად სამეულშიც მოხვდა.
სამი უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანა და საქართველო
თურქეთი, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მხრივ, ყველაზე მსხვილი პარტნიორია საქართველოსთვის. თურქეთში ექსპორტირებულ საქონელთა შორის შავი ლითონების ჯართი პირველ ადგილზეა (163 617,6 ტონა). ფეროშენადნობი მეორეზე( 15 332 ტონა), ხოლო მესამე კი აზოტოვანი სასუქები. რაც შეეხება თურქეთიდან იმპორტირებულ საქონელს, პირველ პოზიციაზეა სამკურნალო საშუალებები, მეორეზე -ქაღალდი, მესამეზე კი პლასტმასის მილები.
განსხვავებულია აზერბაიჯანთან სასაქონლო ჯგუფები. ექსპორტირებულ საქონელთა შორის არის მსუბუქი ავტომობილები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ხოლო იმპორტირებულ საქონელთა შორის არის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ნავთობის აირები და შაქარი. რაც შეეხება იმპორტირებულ ნავთობს, მიმდინარე წელს 172 357.1 ტონა ნავთობპროდუქტის იმპროტი განხორციელდა.
რაც შეეხება უკრაინას. საქართველოში უკრაინიდან ყველაზე დიდი რაოდენობით სიგარეტი შემოდის. ხოლო ექსპორტზე გადის სპირტი, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები და ყურძნის ნატურალური ღვინოები.