საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში, ანუ 11 თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი 73.1%-ით გაიზარდა.
2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.2 პროცენტით მეტია.
ექსპორტი 5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს (და გაზრდილია 31.8%-ით), ხოლო იმპორტი – 12 მილიარდ აშშ დოლარს (32.4 პროცენტით მეტია).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ამ პერიოდში 6.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია.
იმპორტი
ამ პერიოდში უმსხვილეს საიმპორტო სამეულში შედიან:
- თურქეთი – 2.14 მილიარდი აშშ დოლარი (სრული იმპორტის 17.9%),
- რუსეთი – 1.6 მილიარდი აშშ დოლარი (სრული იმპორტის 13.4%),
- ჩინეთი – 1.02 მილიარდი აშშ დოლარი (სრული იმპორტის 8.5%).
ამასთან, გასული წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით, 2022 წელს ყველაზე მეტად იმპორტი რუსეთიდანაა გაზრდილი – 73.1%-ით.
ამასთან, საქსტატის ცნობით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 8.9%-ით არის გაზრდილი.
რა შემოდის რუსეთიდან
რუსეთიდან საქართველოში იმპორტმა 11 თვეში 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ მონაცემებში ყველაზე დიდი წილი მოდის ნავთობზე/ნავთობპროდუქტებზე – 561.8 მლნ დოლარი, რაც რუსეთიდან იმპორტის 34%-ს შეადგენს.
აღსანიშნვია, რომ გასულ წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 123.8 მლნ დოლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ ნავთობის/ნავთობპროდუქტების იმპორტი აშშ დოლარებში 4.5-ჯერაა გაზრდილი.
ამასთან, შემცირებულია ხორბლის იმპორტი (324.5 ტონიდან 145.7 ტონამდე), თუმცა გაზრდილია ხორბლის/ჭვავის ფქვილის იმპორტი – 28.3 ტონიდან 159 ტონამდე.
სხვა მონაცემები
იმპორტ-ექსპორტის მონაცემების გათვალისწინებით, 2022 წლის 11 თვეში სამი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი იყვნენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა პერუში ექსპორტში ფიქსირდება – აქ ზრდამ 896.7% შეადგინა.
საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემების თანახმად, პერუში გატანილი პროდუქციის უდიდესი ნაწილი ამონიუმის ნიტრატის სასუქზე მოდის, როცა გასულ წელს საერთოდ არ გასულა.
72%-ით არის გაზრდილი იმპორტი რუმინეთიდან, სომხეთიდან კი- 42.2%-ით.