ეკონომიკა

რას ფიქრობენ სადაზღვევო სექტორში “ესტონური მოდელის” გადავადებაზე

6 დეკემბერი, 2022 • 1760
რას ფიქრობენ სადაზღვევო სექტორში “ესტონური მოდელის” გადავადებაზე

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, სადაზღვევო სექტორისთვის მოგების გადასახადების ე.წ. ესტონური მოდელის შემოღება ერთი წლით გადავადდა. ამის შესახებ მან 5 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სადაზღვევო სექტორს, ბანკებისგან განსხვავებით, განვითარების კიდევ მნიშვნელოვანი გზა აქვს გასავლელი, შესაბამისად, უფრო საჭიროებს ესტონურ მოდელს.

“ესტონური მოდელი ძირითადად საშეღავათოა და ბანკებს არ სჭირდებათ ამ საშეღავათო მოდელის გამოყენება ამ ეტაპისთვის…  სადაზღვევო სექტორს განვითარების ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გზა აქვს გასავლელი, რაზეც მიდის მუშაობა. ამაზე მუშაობს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია მზღვეველთა ასოციაციასთან, ზედამხედველობის სამსახურთან და ჩვენი სამინისტრო ცდილობს, რომ პროაქტიულად დაეხმაროს პოლიტიკის ჩამოყალიბების კუთხით”, – განაცხადა მან.

ესტონური მოდელი გულისხმობს მოგების გადასახადის 20-დან 15 პროცენტამდე შემცირებას, ხოლო მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, საწარმოს (კომპანიის) ამ გადასახადისგან სრულად გათავისუფლებას.

როდესაც კომპანია მოგებას გასცემს დივიდენდის სახით ან მოგებიდან მიღებულ თანხებს ანაწილებს სხვაგვარად, რაც არაა დაკავშირებული ბიზნესსაქმიანობასთან, მაშინ ეს კომპანიები/საწარმოები იბეგრებიან.

ესტონური მოდელის შემოღებას დადებითად აფასებენ სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ მათი ყოველწლიური მოგების გათვალისწინებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყანაში სადაზღვევო სფეროს განვითარებისთვის:

“სადაზღვევო სექტორის 6 თვის მომგებიანობას რომ ჩავხედოთ, არის 10 მილიონი ლარი. ანუ 18-ვე კომპანიამ მოგების სახით დაწერა 10 მილიონი ლარი. რამდენად განუვითარებელია სექტორი, აქედანაც ჩანს. ესტონურ მოდელში სადაზღვევო სექტორის არმონაწილეობა იქნებოდა ყოვლად დამღუპველი და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი არაერთი შეხვედრა, წერილები, მთავრობამ გაითვალისწინა და სადაზღვევო სექტორი გამიჯნა ჯამურად ფინანსური ინდუსტრიისგან”, – განაცხადა “ალდაგის” აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა ნეტგაზეთთან.

რაც შეეხება ესტონური მოდელის დამკვიდრების ერთი წლით გადავადებას, ბარათაშვილის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს მოდელი 2023 წლიდან ამუშავებულიყო, თუმცა 2024 წლიდან მისი დანერგვა საქმეს გაუმარტივებს სადაზღვევო სექტორში მომუშავე კომპანიებს ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით, რაც საბოლოოდ სექტორის განვითარებაზე აისახება.

ესტონური მოდელის ამუშავებაზე საუბრობს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი, დევი ხეჩინაშვილიც. როგორც მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, ჰქონდა მოლოდინი, რომ ესტონური მოდელი 2023 წლიდან ამოქმედდებოდა. მისი თქმით, ასეთი მოლოდინი ჰქონდათ ინვესტორებსაც, რომლებმაც ფინანსური გათვლები ამის მიხედვით გააკეთეს, თუმცა მთავრობამ საბოლოოდ გადაწყვეტილება შეცვალა.

“ეს არ არის კარგი სტაბილურობისთვის და პროგნოზირებადობისთვის. მე მქონდა მოლოდინი, რომ 2023 წლიდანაც იქნებოდა. ჭორის სახით რომ გავრცელდა ინფორმაცია, ვამბობდი, რომ რა არგუმენტი უნდა ჰქონდეს მთავრობას, რომ გადაავადოს-მეთქი. ან უნდა თქვას, “არ ვთვლი, რომ სადაზღვევო სექტორს ეს სჭირდება”, ან უნდა თქვას, ამ სექტორის გადასახადებიდან შემოსული თანხა იმხელაა, რომ ამას ვერ გააკეთებს. არც ერთი იყო და არც მეორე…”, – განმარტა ხეჩინაშვილმა.

თუმცა, მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლიდან ამოქმედდება ესტონური მოდელი, სადაზღვევო სექტორისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი