ეკონომიკა

წვიმის შედეგები პროდუქტის ფასებზე

4 მაისი, 2010 • • 1562
წვიმის შედეგები პროდუქტის ფასებზე

თუ წვიმა არ გადაიღებს, სიმინდის, ლობიოს და ხორბლის მოსავალს, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას,  რაც პროდუქტებზე ფასების მატებას გამოიწვევს. წელს, წვიმების გამო, ფასები გარკვეულ პროდუქტებზე უფრო მაღალია, ვიდრე შარშან ამ დროს. მაგალითად, თუ კიტრის ფასი შარშან ამ დროს 1,40, თეთრი იყო, წელს მისი ფასი  2,20 თეთრია.

ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრე მიმოზა ფირცხელიანი, რომელიც კიტრს მარნეულში ყიდულობს და თბილისში ყიდის, ამბობს, რომ ”წელს წვიმების გამო ავიტრის მოსავალი ცოტაა და ამიტომაც ღირს ძვირი”.

სხვა  გამყიდველებიც ეთანხმებიან მას იმასთან დაკავშირებით, რომ შარშანდელთან შედარებით პროდუქტზე ფასებმა აიწია.

გიორგი თარხნიშვილს აღმაშენებლის გამზირზე პატარა დახლი აქვს. პროდუქცია ვაგზლის პროდუქტების ბაზრიდან შემოაქვს. მის დახლზე ალუჩა 6 ლარი ღირს. გიორგი კი ამის მიზეზად წლევანდელ უამინდობას ასახელებს.

”ალუჩა, ძირითადად, კახეთიდან და სამტრედიიდან შემოდის. ახალი შემოსული ალუჩა ისედაც ძვირია, მაგრამ წვიმების გამო  დაცვივდა და ამიტომაც უფრო გაძვირდა”.

ეკოლოგიური ასოციაცია ”ელკანას” პროგრამის მენეჯერის თამაზ დუნდუას თქმით, წვიმის გაგრძელების შემთხვევაში გაჭირდება პარკოსანი მცენარეების, მაგალითად, სიმინდის და ლობიოს დათესვა, ასევე, ნიადაგის დამუშავება.

თამაზ დუნდუა ამბობს, რომ ამ ეტაპზე წვიმა ხეხილს და ვაზს ნაკლებად დააზიანებს

”შესაძლოა, გადამტვერვის პრობლემა იყოს, თუმცა ამაზე არ ღირს საუბარი. რაც შეეხება ვაზს, ამ ეტაპზე წვიმა ნაკლებად დააზიანებს. ბოსტნეულ კულტურებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ისინი, ძირითადად, საჩითილეებში აქვთ. იმის საშიშროებას, რომ წვიმის გამო მოსავალი დიდ ზარალზე გავიდეს, მე ვერ ვხედავ. ერთადერთი საშიშროება ის არის, რომ ადიდებულმა მდინარეებმა სასოფლო სამეურნეო სავარგულები დააზიანოს.”

თუმცა, მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის აზრით პრობლემები ვაზის კულტურასაც შეიძლება შეექმნას.

”მომატებულმა ტენიანობამ შეიძლება ვაზის დავადებები გამოიწვიოს, ნაცარი და ამგვარი  სხვა დაავადებები. ამის გამო, შესაძლებელია, დაეცეს მოსავლიანობა”.

ნინო ჩხობაძის თქმით, წვიმაში გაჭირდება  მიწის დამუშავება. რაც შეეხება კარტოფილს, რომელიც, ძირითადად, სამხრეთ საქაღთველოში მოდის, მას პრობლემებს მხოლოდ გვალვა შეუქმნის.  ხორბალი კი, რომელიც, ძირითადად, კახეთში მოჰყავთ, ადიდებულმა ალაზანმა დატბორა.

”კახეთში ძირითადი ზიანი მიადგა ნათესებს. წყალმა ჩარეცხა ნიადაგის ფენა და ნათესები”,-ამბობს ნინო ჩხობაძე . მისი თქმით, თუ ამინდი დროზე არ გამოვიდა, ნათესები ვეგეტაციას (ზრდის პროცესი) ვერ მოასწრებს.  კერძოდ კი სიმინდი, ლობიო, ხორბალი და ა.შ.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ,  წვიმების შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა ამჟამად მიმდინარეობს. თამაზ დუნდუას თქმით, სასოფლო სამეურნეო პროდუქტებზე მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა, მათზე ფასების მატება გაიწვიოს.

”საადრეო ხილის  შემოსვლის პერიოდი, მაგალითად, მარწყვის, ბუშმალსა და სხვა, გადაიწევს, თუ სხვა ქვეყნიდან არ შემოიტანეს. თუ სწრაფად გამოიდარებს, ეს ნაკლებად სავარაუდოა… თუ, ვთქვათ, მხოლოდ 100 ფერმერს მოუვიდა ხილი, უფრო ძვირი იქნება, ვიდრე 1000 ფერმერს რომ მოსვლოდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, უფრო ძვირი იყოს ახალშემოსული ხილი”.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას თქმით, ამჟამად ტემპერატურა მაღალია, მაგრამ არამდგრადი ამინდები გაგრძელდება.

”შესაძლოა 7 და 8 მაისს ცოტა გამოიდაროს, მაგრამ 10 დან 12–მდე კარგი არაფერია მოსალოდნელი”,-ამბობს გვაზავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი