ეკონომიკა

მცირე კომპანიებში იგივე ხარისხის ბენზინია, რაც დიდ ბრენდულებში – ირაკლი ლექვინაძე

14 სექტემბერი, 2022 • 2599
მცირე კომპანიებში იგივე ხარისხის ბენზინია, რაც დიდ ბრენდულებში – ირაკლი ლექვინაძე

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ შედარებით მცირე ზომის საწვავის კომპანიებში იგივე ხარისხის საწვავია, რაც ბაზარზე მოთამაშე ხუთ მსხვილ კომპანიაში.

ლექვინაძის განმარტებით, 2022 წლის მონაცემებით, ხუთ ყველაზე მსხვილ კომპანიას უჭირავს საავტომობილო საწვავის ბაზრის 60%, დანარჩენ 40%-ს კი მცირე ქსელები იკავებენ.

[ეს ხუთი კომპანიაა „ვისოლი“, „გალფი“, „ლუკოილი“, „სოკარი“ და „რომპეტროლი“].

„აქ საინტერესო ის არის, რომ ერთი და იმავე ტიპის საწვავზე, – მაგალითად რეგულარი რომ ავიღოთ, – ფიქსირდება დაახლოებით 30-დან 70 თეთრამდე განსხვავება“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შესაბამისად, მისი თქმით, მცირე ქსელებში ზუსტად იგივე ხარისხის საწვავი 30-70 თეთრით უფრო იაფია, ვიდრე ბრენდულ ბენზინგამასამართ სადგურებზე.

„ეს გამოწვეულია ამ მცირე კომპანიების უფრო მეტი მოქნილობით… საოპერაციო ხარჯებში, ცხადია, არის განსხვავება მცირე და დიდ კომპანიებს შორის, თუმცა ამხელა სხვაობა, – როცა ერთი და იგივე ტიპის, ერთი და იგივე ქვეყნიდან იმპორტირებული საწვავია, – ბუნებრივია, შეიძლება მომხმარებლის გაკვირვებას იწვევდეს“, – თქვა ლექვინაძემ.

„მომხარებელს შეუძლია მცირე ქსელების, – ძალიან ბევრი ბრენდული გახდა ბოლო პერიოდში, – ავტოგასამართ სადგურებზე ჩაასხას საწვავი და პრაქტიკულად იგივე ხარისხის საწვავს მიიღებს“, – განაცხადა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა 14 სექტემბერს მედიაცენტრ „მთავარში“ პრესკონფერენციაზე.

მანამდე ლექვინაძემ განაცხადა, რომ 2022 წლის რამდენიმე თვეში რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში, „საბაჟო საწყობიდან კონკურენტ კომპანიებზე საწვავის გაყიდვა ხდებოდა დაახლოებით 40-50 თეთრი უფრო იაფად, ვიდრე საკუთარ ქსელში ხდებოდა საწვავის შეტანა“.

ლექვინაძის თქმით, მცირე ქსელებს ერთი პრობლემა აქვთ – მომხმარებლის ნდობის ნაკლებობა- და მათ მოუწოდა, ნდობა გაზარდონ.

„მომხმარებელში არის აღქმა, რომ რადგანაც საწვავი იაფია მცირე ქსელებში, არის პრობლემა ჩასხმის სიზუსტესთან და ხარისხთან დაკავშირებით. შეიძლება, სადღაც ეს პრობლემა არის, მაგრამ ბევრ კომპანიაში ეს პრობლემა არ არის. ამიტომ, მცირე ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებს მოვუწოდებთ, იაქტიურონ და გარკვეული კომუნიკაცია გააძლიერონ მომხმარებელთან. ეს იქნება გარკვეული პრესი მსხვილ კომპანიებზე, რომ გაიზარდოს კონკურენცია“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი