თხილის ექსპორტის შემცირების საფრთხე

საქართველოდან ექსპორტირებულ  თხილში ალფა–ტოქსინები, ერთგვარი სოკო აღმოაჩინეს, რომელიც მძიმე მოწამვლას, ხოლო ბავშვებში სიკვდილს იწვევს.  გასულ წელს საქართველოდან 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა.

საქართველოდან ექსპორტირებულ  თხილში ალფა–ტოქსინები, ერთგვარი სოკო აღმოაჩინეს, რომელიც მძიმე მოწამვლას, ხოლო ბავშვებში სიკვდილს იწვევს.  გასულ წელს საქართველოდან  70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა.

პორტუგალიასა და ჩეხეთში საქართველოდან გაგზავნილი თხილი, სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე გაანადგურეს. საქართველომ კი რასპის შეტყობინებით მიიღო ცნობა ქვეყნიდან გასული თხილის ალფა–ტოქსინების შემცველობის შესახებ.

რასპი ევროკავშირში სწრაფი შეტყობინების სისტემაა, რომელსაც საქართველოც არის მიერთებული. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყნის ექსპორტირებული პროდუქტი ევროპამ დაიწუნა, ეს სწრაფი შეტყობინების სახით ვრცელდება მთელ ევროკავშირში.

შესაბამისად, საქართველოდან გატანილი მომწამლავი თხილის შესახებ ინფორმაცია ახლა უკვე ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა იცოდეს.  თხილის ექსპორტიორი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორის, მიხეილ ხომერიკის თქმით, მას ესპანეთიდან  მაშინვე დაურეკეს  პარტნიორებმა და შეშფოთებულებმა გამოკითხეს თუ რა ხდებოდა ქართულ თხილთან დაკავშირებით.

სურსათის უვნებლობის სამსახური იმედოვნებს, რომ ქართული თხილის რეპუტაცია არ შეილახება ამ ფაქტების გამო. თუმცა აღნიშნული სამსახური ეჭვობს, რომ საქართველოდან  არა ქართული, არამედ აზერბაიჯანული თხილის ექსპორტი განხორციელდა. 

სურსათის უვნებლობის სამსახურის დირექტორის, მაია მეტრეველის თქმით, საქართველოში ალფა–ტოქსინების გამომწვევი ობის სოკო არ არის ან ძალიან იშვიათია. თუმცა სოკოს განვითარება თხილის შენახვის ცუდ პირობებზეც არის დამოკიდებული.

თხილის ექსპორტიორი კომპანიების ნაწილი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანული თხილის შესახებ ვერსია, სიმართლეს არ შეესაბამება. მიხეილ ხომერიკის თქმით, აზერბაიჯანში თხილი არ არის იაფი და უფრო ძვირიც კი ღირს, ვიდრე საქართველოში. ამიტომ მას ეჭვი ეპარება, რომ თხილი აზერბაიჯანული ყოფილიყო.

მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ზურა ლაპარტყავა ამბობს, რომ ზუგდიდსა და სენაკში არსებული ორი თხილის მწარმოებელი შ.პ.ს  „ლევანიკა09“ და შ.პ.ს. „აერო კომპანი“ ის კომპანიებია, რომელთა თხილში  ალფა–ტოქსინები აღმოაჩინეს.

შ.პ.ს ”ლევანიკას09”-ს დირექტორი, მურთაზ სტეფანია ”ნეტგაზეთთან” აცხადებს, რომ  ჩეხეთში მის მიერ ექსპორტირებული 22 ტონა თხილის შესახებ, დამკვეთისგან პრეტენზიები არ მიუღია.

„დეკემბერში გავაგზავნე, 15 დღეში თანხა გადმომირიცხეს, ნორმალურად ჩავიდა და ნორმალურად მიიღეს, უკმაყოფილო რომ ყოფილიყო, თანხას ჩამომაჭრიდნენ, ან საერთოდ არ დამირიცხავდნენ. ჩემგან პრობლემა არ ყოფილა“, –ამბობს სტეფანია.

 შ.პ.ს. „ლევანიკა09“-ს, ხელმძღვანელის თქმით იმის მიუხედავად, რომ დამკვეთისგან პრეტენზია არ მიუღია,  2 მარტს  ,  მან სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან წერილი მიიღო.

სტეფანიას თქმით წერილი შ.პ.ს „ლევანიკა09“-ს სახელზეა, თუმცა დირექტორად მის მაგივრად სხვისი სახელია მითითებული. ეს სახელი და გვარი კი რომან შელიაა.ის სტეფანიას მეზობელია და ასევე  თხილის ბიზნესით არის დაკავებული. თუმცა როგორც სტეფანია ამბობს, თხილთან დაკავშირებით პრობლემები არც რომან შელიას ჰქონია.

მურთაზ სტეფანია ფიქრობს, რომ წერილი მას შეცდომით გაუგზავნეს. მან მოგვაწოდა  ადგილობრივი ლაბორატორიის მიერ გაცემულ  ფიტოსანიტარიული სერტიფიკარი.

სერტიფიკარში ვკითხულობთ:

“აღნიშნულით დასტურდება, რომ წინამდებარე სერტიფიკატში აღწერილი მცენარეები, მცენარეული პროდუქცია ან კონტროლქვემდებარე სხვა ტვირთმასალები  გამოკვლეულ-ან ტესტირებულ იქნა შესაბამისი ოფიციალური პროცედურების მიხედვით.

თავისუფალია იმპორტიორი კონტრაქტორი მხარის მიერ განსახზღვრული საკარანტინო ორგანიზმებისგან და პასუხობს იმპორტიორი კონტრაქტორი მხარის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს“.

 შ.პ.ს. ”ლევანიკა09”-ს დირექტორის თქმით, 22–ვე ტონა თხილი, რომელიც მან ჩეხეთში გაგზავნა  ადგილობრივი ბაზრისაა და არანაირი კავშირი არ აქვს აზერბაიჯანთან.

სერგო ახვლედიანს, შ.პ.ს. „გუნას“ წარმომადგენელს, რომელმაც მურთაზ სტეფანიასგან 22 ტონა თხილი მიიღო, ”ნეტგაზეთი”  ჩეხეთში დაუკავშირდა. ის აცხადებს, რომ ჩეხეთში ქართული თხილი ნორმალურ მდგომარეობაში ჩავიდა და არავითარ ალფა–ტოქსინს  არ შეიცავდა. ახვლედიანის თქმით, მისი კომპანია, რომელიც ჩეხეთში მუშაობს თხილს ექსპორტზე  ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ყიდის: “ ქართული თხილი ალფა–ტოქსინებს არ შეიცავს, ასეთი ფაქტის შესახებ მე არაფერი ვიცი“, – ამბობს ახვლედიანი.

ზურაბ ლაპარტყავაც ადასტურებს, რომ შ.პ.ს. „ლევანიკა09“-ს გაგზავნილი თხილი მართლაც არ არის გამორიცხული „ადგილზე გაეფუჭებინათ“.

„ერთ შემთხვევაში რთულია ითქვას თხილი აქედან ჩავიდა გაფუჭებული თუ იქ გაფუჭდა, იმიტომ, რომ გარკვეული პერიოდი ინახებოდა ჩეხეთში აქედან გაგზავნილი თხილი“,–ამბობს ლაპარტყავა.

თუმცა ამბობს, რომ მეორე კომპანიის შემთხევაში ვითარება განსხვავებულია და პორტუგალიაში გაგზავნილი თხილი მართლაც საქართველოდან ჩავიდა დაზიანებული სახით

სურსათის უვნებლობის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ვერიკო გულუას თქმით, სანამ ქართული პროდუქტი ექსპორტზე გავა, ექსპორტიორმა კომპანიამ აღნიშნულ სამსახურს უნდა მიმართოს, რათა ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცეს.

“ეს მის ინტერესებში შედის, პრობლემა რომ არ შეექმნას”,- ამბობს გულუა.

თუმცა სურსათის უვნებლობის სამსახურისადმი მიმართვა ნებაყოფლობითია. მეწარმეს კანონის მიხედვით შეუძლია სერტიფიკატის გარეშე გაიტანოს თხილი საქართველოდან. ვერიკო გულუა ამბობს, რომ სერტიფიკატი არც ერთ იმ კომპანიაზე არ გაუციათ, რომელმაც ალფა-ტოქსინების შემცველი თხილი გაიტანა საქართველოდან.

სერთიფიკატი, რომელიც შპს” ლევანიკას” წარმომადგენელმა მოგვაწოდა, სურსათის უვნებლობის ადგილობრივი სამსახურის მიერ არის გაცემული. თუმცა დოკუმენტის ავთენტურობის დადგენა ჩვენ არ შეგვიძლია.

შ.პ.ს „აერო კომპანია“, სენაკშია, მის დირექტორთან, ალეკო მოწერელიასთან დაკავშირება არ ხერხდება. ზურაბ ლაპარტყავა ამბობს, რომ ალეკო მოწერელიას, ფირმის დირექტორს ისინი ერთი თვის წინ ესაუბრნენ და შეატყობინეს თხილში ალფა–ტოქსინების არსებობის შესახებ.

თხილის ექსპორტიორი მიხეილ ხომერიკი ფიქრობს, რომ მსგავსი ფაქტის განმეორების შემთვევაში, არ არის გამორიცხული თხილის ექსპორტს საქართველოდან პრობლემები შეექმნას. ის ამბობს, რომ მომხრეა ყველა ლაბორატორიული კვლევა ადგილზე ჩატარდეს.

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე