ეკონომიკა

EU რუსული ნავთობის ემბარგოს განიხილავს — Reuters

21 მარტი, 2022 • 1639
EU რუსული ნავთობის ემბარგოს განიხილავს — Reuters

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირი სანქციების მეხუთე პაკეტზე მუშაობს.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, დღეს, 21 მარტს შეიკრიბებიან. ხუთშაბათს კი დისკუსიები, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მონაწილეობით, ევროკავშირთან და G7-ის ფორმატში გაგრძელდება. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირი იმსჯელებს, დააწესოს თუ არა ემბარგო რუსულ ნავთობზე.

„ჩვენ ვმუშაობთ სანქციების მეხუთე რაუნდზე და ბევრი ახალი სახელია შემოთავაზებული“, — განუცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა Reuters-ს ანონიმურობის პირობით, რადგან დისკუსიები საჯარო არ არის.

დიპლომატებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, მათ შორის ლიეტუვა, ითხოვენ ემბარგოს, ხოლო გერმანია აფრთხილებს, რომ არ იმოქმედონ ძალიან სწრაფად ევროპაში ნავთობის უკვე მაღალი ფასების გათვალისწინებით.

მოსკოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციებმა რუსულ ნავთობზე შეიძლება აიძულოს მას ევროპისკენ მიმავალი ძირითადი გაზსადენის დახურვა. ევროკავშირი რუსეთისგან იღებს თავისი გაზის 40%-ს, გერმანია კი ევროკავშირის მსხვილ ეკონომიკათა შორის ამ მხრივ ყველაზე მეტად არის რუსეთზე დამოკიდებული. გერმანია, ასევე, არის რუსული ნედლი ნავთობის უმსხვილესი მყიდველი ევროკავშირში.

სანქციებზე ევროკავშირის გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება. Reuters-ის ცნობით, საფრანგეთის პოზიცია, რომელიც 6 თვით იკავებს საბჭოს პრეზიდენტობას, სავარაუდოდ, გადამწყვეტი იქნება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ თუ სიტუაცია გაუარესდება უკრაინაში, სანქციების თვალსაზრისით „ტაბუ“ არ უნდა იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი