ეკონომიკა

დავა ”ელიტ-ელექტრონიქსის” ირგვლივ სასამართლომდე მივიდა

26 თებერვალი, 2010 • • 1497
დავა ”ელიტ-ელექტრონიქსის” ირგვლივ სასამართლომდე მივიდა

”ელიტ ელექტრონიქსის” დამფუძნებელი კომპანიის მენეჯმენტში ბანკების შესვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

ამის შესახებ განუცხადა ”ნეტგაზეთს” ანზორ ქოქოლაძემ, კომპანიის დამფუძნებელმა. ის ამბობს, რომ ბანკების შესვლა მენეჯმენტში მისთვის კომპანიის გაკოტრებას ნიშნავს.

თუმცა ”თიბისი ბანკის” წარმომადგენელი ”ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მენეჯმენტში შესვლის მიზეზი ბანკების უკმაყოფილება იყო,არსებული მენეჯმენტით.

”როცა 20 მილიონი გაქვს გაცემული და თვლი, რომ არასწორად იმართება კომპანია გაქვს უფლება, რომ შეხვიდე მენეჯმენტში,” აცხადებს თამარ კირვალიძე, საგარეო ურთიერთობისა და მედია კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.

ბანკების წილი ”ელიტ-ელექტრონიქსში” ახლა 75%-ა,ამბობს ქოქოლაძე. მათ შორის არიან ”თიბისი ბანკი”, ”საქართველოს ბანკი” და ”ბანკი რესპუბლიკა.”

”თიბისი ბანკის”, ისევე როგორც  საქართველოს ბანკის წარმომადგენელი ”ნეტგაზეთთან” საუბარში არ აკონკრეტებს თუ რა პროცენტულ წილს ფლობენ ბანკები კომპანიაში.

”ახალი მენეჯმენტი უზრუნველყოფს „ელიტ-ელექტრონიქსში“ საჭირო ინვესტიციების მოზიდვას, რაც აუცილებელია კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის.  ამ ინვესტიციების მოზიდვა მოხდება როგორც ქართული ბანკებისგან, ისე – უცხოეთიდან.” აცხადებენ ”საქართველოს ბანკში”.

თამარ კირვალიძის თქმით ანზორ ქოქოლაძე ”თვითონ ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა”. შეთავაზება კი, რომელიც ბანკებმა ”ელიტ-ელექტრონიქსის” დამფუძნებელს შესთავაზეს გულისხმობდა 25%-ანი წილს და 100% წილის სრულ გამოსყიდვას გარკვეულ ვადაში.

”ელიტ-ელექტრონიქსი” დაახლოებით 200-მდე თანამშრომელმა დატოვა, ძირითადად მენეჯმენტმა, როგორც ქიქოძე ამბობს.

მისივე თქმით კომპანიის მაღაზიები რეგიონებში დაიკეტა, თუმცა კირვალიძე ამბობს, რომ დღეს მხოლოდ ბათუმის მაღაზიაა დაკეტილი და ისიც ხვალ გაანახლებს მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი