2%-ის ნაცვლად, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5% იქნება, ასეთი იყო საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროგნოზი 2010 წლისთვის. ეს განცხადება მან უმრავლესობასთან შეხვედრისას გააკეთა. 2% ზრდა კი საერთაშორისო სავალურო ფონდის პროგნოზია. თუმცა მათივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში საბანკო სექტორმა დაკრედიტების იგივე დონე შეინარჩუნა,2% ზრდაც შეუძლებელი იქნება.
ასევე შეუძლებლად მიიჩნევს ეკონომიკის ზრდას 2010 წელს ემზარ ჯგერენაია, ეკონომიკის ექსპერტი.
”ჩემი პროგნოზით საქართველოში წელს ეკონომიკური ზრდა არ იქნება.” ამბობს ჯგერენაია ”ნერგაზეთთან” საუბრისას.
მისივე თქმით ეკონომიკური ზრდის 2%, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზია საქართველოში ეკონომიკის ზრდის, ძალიან ოპტიმისტურია. იმიტომ, რომ განვითარებული ქვეყნებიც კი მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტის )ვარდნას განიცდის. მაგალითად ამერიკაში 2,8%-ა, გერმანიაში 6, საფრანგეთში 5,3, რუსეთში 10%-მდე ვარდნაა.
”კრიზისის დროს 2% ზრდა საკმაოდ ოპტიმისტურია” აცხადებს ჯგერენაია.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ეკონომიკის ზრდა არ მოხდება 2%, ეს გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას და ფისკალურ (სახაზინო) პრობლემებს ბიუჯეტში.