ეკონომიკა

მსოფლიო ნავთობის გარეშე

10 თებერვალი, 2010 • 3477
მსოფლიო ნავთობის გარეშე

ნავთობის მოპოვება მსოფლიოში 2015 წელს პიკს მიაღწევს. ამის შემდეგ  შესაძლოა იგი არსებითად შემცირდეს. შესაბამისად შესაძლოა ამ სტრატეგიული რესურსის ფასმაც მოიმატოს. ასეთი პროგნოზი გამოაქვეყნეს ბრიტანეთის კვლევითი კომპანიის „პიკ ოილ გრუპის“ ანალიტიკოსებმა.

დიდი ბრიტანეთის ექსპერტთა აზრით, ნავთობის მსოფლიო მოპოვების შემცირება 5 წლის შემდეგ დაიწყება. ბარელის ფასი ამ დროისათვის გადააჭარბებს 100 დოლარის ნიშნულს, ყოველდღიური მოპოვება კი მიაღწევს 92 მილიონ ბარელს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ ეგრეთ წოდებული იაფად ღირებული ნავთობი დამთავრდა. მისი თვითღირებულება ბარელისთვის 25 დოლარზე ნაკლები იყო, მაშინ, როდესაც ნავთობის ახალი ნაკლებხარჯიანი საბადოების აღმოჩენის შანსები დღეს მინიმალურია.

– ”ნებისმიერი პროგნოზი, რომელიც გვაუწყებს, რომ ამოიწურება ნავთობი, იწვევს ამ პროდუქტის მსოფლიო ფასების გაზრდას. პროგნოზი შეესაბამება ამა თუ იმ ქვეყნის ან ქვეყეების ჯგუფის მიზნებსა და ამოცანებს, რომელთა ინტერესებსაც იცავენ ამ  პროგნოზის ავტორები”. – თვლიან სპეციალისტები.

მსოფლიო ტრანსპორტის 90 პროცენტი ჯერჯერობით მუშაობს ნახშირწყალბადის საწვავზე. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მეცნიერები და მკვლევრები მრავალი წელია მუშაობენ  ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოგონებაზე, მათი აღმოჩენა დღემდე ძირითდად მხოლოდ ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს.

მაგრამ კაცობრიობის ინტელექტუალური შესაძლებლობები და მის მიერ დაგროვილი ცოდნა, პოსტნავთობის ეპოქაში, აუცილებლად ტრანსფორმირდება და ენერგიის ახალი გლობალური წყაროების აღმოჩენაც არ გაუჭირდება.

უახლოეს მომავალში ალტერნატიული ენერგეტიკა, მათ შორის ატომური, ერთ–ერთ მთავარ როლს შეასრულებს. ეს დაკავშირებული იქნება არა მარტო ნახშირწყალბადების მსოფლიო მარაგის შემცირებასთან.

სწორედ ასეთი თეზისი გაისმა უშიშროების დარგისადმი მიძღვნილი მიუნჰენის ამასწინანდელი საერთშაორისო კონფერენციის ტრიბუნიდან. სხვათა შორის ნავთობთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიოში 2015 წელზე ადრე შეიძლება წამოიჭრას. უდიდესი ამერიკული ბანკი ”გოლდმან საქსი“ უკვე 2010 წლის მესმე კვარტალში ვარაუდობს ნავთობის ნაკლებობას ბაზრებზე, რაც დაკავშირებულია კრიზისიდან მსოფლიო ეკონომიკის გამოსვლასთან.

საბანკო საქმის ანალიტიკოსები  დარწმუნებული არიან, რომ უკვე 2010 წლის  შემოდგომისთვის შავ ოქროზე მოთხოვნა  კრიზისამდელ დონეს მიუახლოვდება. ეს მოხდება იმის ფონზე, რომ ბაზრის უდიდესი უბნების ნავთობის მრეწველობა რამდენიმე წლის განმავლობაში მოკლებული იყო მსხვილ ინვესტიციებს და არ ვითარდებოდა. რაც შეეხება ნავთობის  ფასებს, აშშ–ს ანალიტიკოსთა აზრით, უკვე 2011 წლისთვის, მან შეიძლება გადააჭარბოს ბარელი ნავთობისთვის 110 დოლარის ნიშნულს.

ნავთობმომპოვებელი ქვეყნებისთვს ნავთობის ფასების კონიუქტურა, რომელიც შეინიშნებოდა 2010 წლის დამდეგს – პოზიტიურია, მისი აშკარა არასტაბილურობის მიუხედავადაც კი. დღეისათვის ბარელი ნავთობის საშუალო ფასი დღეს მერყეობს 70 დოლარის ნიშნულის გარშემო.

მასალების გადაბეჭდვის წესი