ეკონომიკა

ევროზონა სუსტ რგოლებს გააძლიერებს

8 თებერვალი, 2010 • • 2032
ევროზონა სუსტ რგოლებს გააძლიერებს

ევროპელები პრობლემებს თავად მოაგვარებენ, სხვისი დახმარების და ჩარევის გარეშე– ეს იყო დასკვნა,  რომელიც ”დიდი შვიდეულის” ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

მსოფლიო სავალუტო ფონდისგან ევროზონა დახმარებას არ მიიღებს და თავად გაუმკლავდება კრიზისს. ”დიდი შვიდეულის” ფინანსთა მინისტრებმა საბერძნეთს ბიუჯეტის კონტროლის ხელში აღებისკენ მოუწოდეს. ქვეყანის საბიუჯეტო დეფიციტი 13%-ს აღწევს.

ეკონომიკის განვითარების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნების წარმომადგენლები ხარჯების კოორდინირებაზე შეთანმხდნენ.

თუმცა მანამდე მედია საუბრობდა ევროზონის შესაძლო დაშლის შესახებ. სამი სუსტი რგოლი საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია მედიის ნაწილის დასკვნების მიხედვით შესაძლოა გამოთიშულიყო ევროზონას, ან რაიმე სახის სანქციები გადაეხადათ.

„ადრე ევროს ზონის ქვეყნები მეტ–ნაკლებად თანასწორნი იყვნენ, ახლა კი სერიოზული განსხვავებები გამოჩნდა. ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ ესპანეთს, პორტუგალიასა და საბერძნეთს, მეორეს მხრივ კი გერმანიას“, აცხადებდა სავალუტო ფონდის წამყვანი ეკონომისტი ოლივიერ ბლანშარდი.

თუმცა უკვე დღეს, ევროპა გაძლიერებას გეგმავს და ეკონომიკური პრობლემების გადალახვის გეგმას ადგენს.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, საბერძნეთი და ესპანეთი ყოველთვის იყვნენ სუსტი რგოლები უმუშევართა მაღალი პროცენტით და ბიუჯეტის დეფიციტით.

ევროს კურსზე ეს ცვლილებები არ იმოქმედებს, რადგან არც ესპანეთის და არც საბერძნეთის ბონდები (ობლიგაცია, სავალო ვალდებულება) არ არის განმსაზღვრელი . ევროს კურსი უფრო მყარი ქვეყნების ეკონომიკას ეყრდნობა, ისეთი მაგალითად როგორიც არის საფრანგეთი”– აცხადებს ჯგერენაია.


მასალების გადაბეჭდვის წესი