ეკონომიკა

ვის აწყობს ბანკების ახალი ინიციატივა

8 თებერვალი, 2010 • • 1906
ვის აწყობს ბანკების ახალი ინიციატივა

ბანკირები ახალ წინადადებას ამზადებენ, რომლის მიზანიც იქნება უნაღდო ანგარიშსწორება ყოველდღიურ ცხოვრებაში დაინერგოს. ეს კი ნიშნავს, რომ სასურსათო თუ სამრეწველო მაღაზიებში პლასტიკური ბარათების მომსახურე ტერმინალები დაიდგმება. საბანკო სექტორი გეგმავს, აღნიშნული ინიციატივა მთავრობას უახლოესი ორი კვირის მანძილზე მიაწოდოს.

ზურაბ გვასალია, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მოქალაქეებისთვის ეს ინიციატივა მისაღები იქნება იმ მიზეზით, რომ ამ პროცედურისთვის საკომისიოს გადახდა არ მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უნაღდო ანგარიშსწორების შესახებ განცხადება წლის დასაწყისში გააკეთა. კახა ბაინდურაშვილი საუბრობდა, რომ ბანკების გასააქტიურებლად საქართველოში მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ ბანკების გარეთ არსებული ფული საბანკო სექტორში მოექცეოდა.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ”ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, რომ წარმოუდგენლად ეჩვენება მსგავსი ინიციატივის შემოღება.

”ეს არის ბანკის საკომისიოს გაზრდის მცდელობა, რახან ისინი ეკონომიკას არ აკრედიტებენ და კრედიტებიდან არ აქვთ შემოსავალი, უნდათ რომ საკომისიოდან მიიღონ შემოსავალი.”

ჯგერენაიას თქმით, ბანკების გარდა არავის აწყობს მსგავსი ინიციატივის ძალაში შესვლა. მით უფრო მომხმარებელს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი