ეკონომიკა

თელასის სამომხმარებლო ტარიფზე საჯარო განხილვები სემეკმა დაასრულა

24 აგვისტო, 2015 • • 1328
თელასის სამომხმარებლო ტარიფზე საჯარო განხილვები სემეკმა დაასრულა

სემეკის ცნობით, 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით სს “თელასის” ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი 11.173 თეთრი იქნება, რაც არსებულ ფასზე 6 თეთრით ძვირია. ელექტროენერგიის საშუალო ფასი კი 16 თვის განმავლობაში 8.758 თეთრამდე იქნება. ტარიფების ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად კომისიის ანალიტიკოსები ლარის კურსს ასახელებენ. დღეს მოქმედი ტარიფის შენარჩუნების შემთხვევაში “თელასი” 43 მლნ. ლარის ზარალს ელის შესყიდვების ნაწილში.

 

თუმცა, რა გავლენას მოახდენს ელექტროენერგიის შესყიდვის ფასის ცვლილება საბოლოო სამომხარბლო ტარიფზე, ჯერ უცნობია. როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, ტარიფის დადგენამდე კიდევ რამდენიმე ეტაპია გასავლელი.

 

“ტარიფში შემავალი ოთხივე კომპონენტის განხილვა დასრულებულია. ზოგიერთ კომპონენტში არის კლება, ზოგიერთში -ზრდა. როდესაც კომისია დარწმუნდება, რომ ყველა ხარჯი არის სწორად შეტანილი ტარიფში, მხოლოდ მას შემდეგ გამოვიტანთ სხდომაზე დასამტკიცებლად ამ საკითხს. სამომხმარებლო ტარიფი არის 4 კომპონენტის ჯამი და მხოლოდ რომელიმე კომპონენტის ტარიფის ზრდა არ ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ტარიფი გაიზრდება,”- აცხადებს კომისიის წევრი, გოჩა შონია.

 

კომპანიამ საკუთარი დანახარჯები 70 მლნ. ლარით განსაზღვრა, მაგრამ ჩატარებული აუდიტის შემდეგ, საწარმოო დანახარჯების სამუშაო ვერსიაში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სს “თელასის” 12 თვის დანახარჯები 59 მლნ. ლარზე მეტს არ შეადგენს.

 

კომპანიის კომერციული დირექტორის მოადგილე მიხეილ ანთაძე აცხადებს, რომ სს “თელასს” არ მიუმართავს მარეგულირებელი კომისიისათვის სამომხმარებლო ტარიფის კონკრეტული ციფრით ზრდის მოთხოვნით და კომპანიასა და მარეგულირებელ კომისიას შორის გრძელდება მოლაპარაკებები საწარმოო დანახარჯებთან დაკავშირებით.

 

“კომისიამ დღეს წარმოადგინა საკუთარი გაანგარიშებები. ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი შენიშვნები კონკრეტულად საოპერაციო დანახარჯებთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ კომისია გაითვალისწინებს ჩვენს თხოვნებს,”- აცხადებს ანთაძე.

თელასის სამომხმარებლო ტარიფზე საჯარო განხილვები სემეკმა დაასრულა
თელასის სამომხმარებლო ტარიფზე საჯარო განხილვები სემეკმა დაასრულა

 

სს “თელასი” საოპერაციო ხარჯებში დამატებითი ფულადი პრემიებისა და საქველმოქმედო დანახარჯების შეტანასაც მოითხოვს. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, ირინა მილორავას აზრით, მსგავსი დანახარჯები კომპანიამ მოგებიდან უნდა განკარგოს და არ უნდა მოხდეს მისი ტარიფში ასახვა.

 

ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, სს “თელასის” მიმართვა მარეგულირებელი კომისიის მისამართით სამართლიანი და მოსალოდნელი იყო, რადგან თბოელექტროსადგურების მიერ მოწოდებული ენერგიის ფასი გაიზარდა. ვარდიაშვილის განცხადებით, ამჟამად მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს. ომბუდსმენი თბილისის მერიას მოუწოდებს, რომ ტარიფის შესაძლო ზრდისათვის მოემზადოს.

 

“როგორც “ენერგო პროს” შემთხვევაში მოხდა და მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო სუბსიდირების პროგრამა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ქალაქის მთავრობაც მზად უნდა იყოს, რომ ქალაქის მოსახლეობის იმ ნაწილის უფლებები არ დაირღვეს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. თუმცა ამ ეტაპზე ტარიფთან დაკავშირებით რა ცვლილებები მოხდება მიმდინარე პროცესებზე, შემდგომ გადაანგარიშებებზეა დამოკიდებული,”- აცხადებს სალომე ვარდიაშვილი.

 

საჯარო განხილვას, ასევე, ესწრებოდა, პარტია “ქართული დასის” თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია. მისი აზრით, სს “თელასი” და მარეგულირებელი კომისია ვერ ასაბუთებენ ტარიფის მომატების საჭიროებას. მისი განცხადებით, ელექტროენერგიის ფასზე მსჯელობისას უმჯობესია გაზის ტარიფების გათვალისწინება, რადგან თბოელექტროსადგურები, რომლებიც სს “თელასს” ემსახურება, გაზით მარაგდება. ბაღათურია სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის შემთხვევაში საპროტესტო აქციების ორგანიზებასაც არ გამორიცხავს.

 

“აშკარად ჩანს, რომ არსებობს დაინტერესება თბილისში სამომხმარებლო ტარიფის 6 თეთრით გაზრდასთან დაკაშირებით. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. უბრალოდ, ახლა ცდილობენ, რომ დაასაბუთონ. ჩემი მთავარი ამოცანა არის ახლა, რომ დრო გავწელოთ, რომ თბილისელები დაბრუნდნენ თბილისში და დაიცვან თავიანთი უფლებები. ტარიფის ზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ვერც ერთ სხდომაზე “თელასმა” და სემეკმა ეს ვერ დაასაბუთა. აღმოჩნდა, რომ 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზიდან 1 მილიონი არის უფასო, ანუ ე.წ. სოციალური გაზი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავანახევროთ ფასი გაზზე არა მხოლოდ თბოელექტროსადგურებისთვის, არამედ მოსახლეობისთვისაც. ამას არ აკეთებენ. ამას სჭირდება ხალხის ქუჩაში გამოსვლა. მე ვიქნები ამ მოძრაობის სათავეში,”- აცხადებს ჯონდი ბაღათურია.

 

წინა საჯარო განხილვებზე კომისიამ “თელასის” სამომხმარებლო ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტი კაპიტალური დანახარჯების წინასწარი მაჩვენებელი 36 მილიონი ლარით განსაზღვრა. კომისიის მონაცემებით, კომპანიის დანაკარგის რაოდენობა განაწილების ქსელში ბოლო სამ წელიწადში თითქმის განახევრდა.

 

სემეკი მონაცემებს ამუშავებს. სხდომებზე მათ წინასწარი შედეგები წარადგინეს. წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2015 წლის 31 აგვისტოა. ამის შემდეგ ამავე საკითხებზე არა საჯარო განხილვები, არამედ კომისიის სხდომები დაიწყება, რომლის შემდეგაც კომისია “თელასის” სამომხმარებლო ტარიფს დაადგენს.

კომისიამ გადაწყვეტილება 2015 წლის 18 დეკემბრამდე უნდა მიიღოს. ახალი ტარიფი დადგენის დღიდან 2016 წლის ბოლომდე იმოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი