„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ინფორმაციით, სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულია 9882 თანამშრომელი, რომელთა ჯამური შრომითი ანაზღაურება განსაზღვრულია წელიწადში 90674084 ლარით, რაც საშუალოდ, ერთ თანამშრომელზე წელიწადში 9176 ლარს შეადგენს.
სახელმწიფოს მართვაში არსებულ ზოგიერთ საწარმოში, სააგენტოს ინიციატივით, კონკურსის წესით დანიშნულ იქნა დირექტორები, თუმცა მსგავსი ვალდებულება კანონით არ არის განსაზღვრული.
სააგენტომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გადმოცემულ საწარმოთა ნუსხით განსაზღვრულ საწარმოებში (75 საწარმო) სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის ფაქტის დადგენისა და დადასტურების მიზნით განახორციელა შესაბამისი ღონისძიებები.
“სააგენტოში განხორციელდა ინფორმაციის შეგროვება აღნიშნულ საწარმოებზე შემდგომში მათი ოპტიმიზაციის პროცესში ჩართვის მიზნით. ჩატარდა შეხვედრები საწარმოების დირექტორებთან. ინფორმაციის შეგროვების შედეგად აღმოჩნდა, რომ 3 საწარმო პრივატიზებულია, მაგრამ არ არის შესაბამისი ცვლილება რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მიზნით აღნიშნული 75 საწარმოდან მომზადებულია დოკუმენტაცია 10 საწარმოზე. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ აგრძელებს აღებულ კურსს და ახორციელებს გადახდისუუნარო საწარმოთა მინიმიზაცია/ოპტიმიზაციის პროცესს”-აცხადებენ ქონების მართვის სააგენტოში.