ეკონომიკა

ღარიბაშვილი: მთავრობის მიზანია იმპორტი ადგილობრივმა წარმოებამ ჩაანაცვლოს

7 ივლისი, 2015 •
ღარიბაშვილი: მთავრობის მიზანია იმპორტი ადგილობრივმა წარმოებამ ჩაანაცვლოს

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო მეწარმეობის განვითარების საქმეში და ხელისუფლების პრიორიტეტებზე ისაუბრა.

 

პრემიერის თქმით, მთავრობის მიზანია იმპორტი ადგილობრივმა წარმოებამ ჩაანაცვლოს:

 

“მე არ ვსაუბრობ ტროპიკულ ხილზე და ა.შ. ის, რაც ჩვენთან ვერ მოდის, მაგრამ ის, რისი მოყვანაც ჩვენ შეგვეძლება საქართველოში, აუცილებლად უნდა მოხდეს მათი წარმოება და უნდა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული, დაბალხარისხიანი პროდუქცია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არ ვართ იმპორტის წინააღმდეგი, პირიქით, მაგრამ ჩვენთვის მთავარი საზრუნავი არის ადგილობრივი წარმოების განვითარება, ჩვენი მოქალაქეების დასაქმება”, -განაცხადა პრემიერმა

 

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საჭიროა ქვეყანაში არსებული რესურსების გონივრული გამოყენება. მისივე თქმით, საქართველოში არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი:

 

“მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ არსებული რესურსი. ჩვენ შევისწავლეთ მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონების რესურსები და ამის პრეზენტაცია უკვე ჩავატარეთ. შეგვიძლია მეწარმეებთან ერთად აქტიურად დავიწყოთ ამ პროექტების განხორციელება. სახელმწიფოს არ შეუძლია იმაზე უკეთესი შესთავაზოს, რაც არის “აწარმოე საქართველოში”, ან იაფი აგროკრედიტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ 10%-იანი სესხის სუბსიდირებას ვუკეთებთ და მეწარმეს 1% ან 2%-ის გადახდა უწევს მხოლოდ. ჩვენ ვაძლევთ ქარხანას თუ მიწას სიმბოლურ ფასად ერთ ლარად. ამას გარდა, სახელმწიფო გასცემს გარანტიას ბანკებისთვის 50%-ის ოდენობით, ეს არის უდიდესი ხელშეწყობა. ასეთი პირობები, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ არის ევროპაში. ახლა საჭიროა გააქტიურება მეწარმეების მხრიდან. არსებობს სტაბილური გარემო და ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ჩვენ კი ვართ მოწოდებული, რომ რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ ბიზნესს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

„აწარმოე საქართველოში“ პირველი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში მეწარმეობის წახალისებაზე, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერაზე, ახალი საწარმოების შექმნასა და უკვე არსებულის გაფართოება-გადაიარაღებაზე.

 

 

სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“, ერთი წლის შემაჯამებელ ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ბიზნესმენები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი