პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, ეკონომიკა უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და გავლენისაგან:
„საკვირველია, რატომ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული, რა ეკონომიკური მოტივები არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საბანკო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სფერო საქართველოში; სფერო, რომელმაც გაუძლო არაერთ გარე დარტყმას, მათ შორის 2008-2009 წლებში ორმაგ ეკონომიკურ კრიზისს და ჩვენ დღეს გარკვეული ცვლილებებით საბანკო სისტემასთან მიმართებაში შესაძლოა ამ სექტორის რყევის სერიოზული ნიშნები შევქმნათ. თუ ვინმეს ეკონომიკური რეფორმების განხორციელება უნდა – რატომ იწყებს ამას იმ სფეროდან, რომელსაც ამ ეტაპზე რეფორმები არ სჭირდება? რატომ ვაპირებთ ვუმკურნალოთ დარგს, რომელსაც ამის საჭიროება არ აქვს? ჩვენ შეგვიძლია სხვა მიმართულებით განვახორციელოთ ეკონომიკური რეფორმები, თუკი ამის ნება არსებობს. მეტიც, ძალიან ძნელია გავიხსენოთ თუნდაც ერთი განცხადება კომერციული ბანკების მხრიდან, რომელიც შეეხებოდა ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისადმი გარკვეული ტიპის შენიშვნებს; და კიდევ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი ბოლო ანგარიშის თანახმად, ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობა შეფასებულია ძალიან პოზიტიურად. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და, შესაბამისად, ვთვლით, რომ ეკონომიკა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისაგან; პოლიტიკური თამაშები ეკონომიკაში არ შეიძლება; ეს ავნებს ეკონომიკას. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვანწილად აისახება ბიზნესგარემოზე, ზიანდება მსგავსი გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, ეროვნული ბანკისათვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა საპრეზიდენტო ინსტიტუტის, საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური ფუნქციების სხვადასხვა კანონებით ფაქტობტივი შესუსტების მცდელობაა.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს; შემდგომ ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და აღნიშნული გადაწყვეტილება და ინიცირებული ცვლილებები იმავდროულად წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტისა და მთლიანობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური ფუნქციების სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებით ფაქტობრივი შესუსტების კიდევ ერთ მცდელობას“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებიდან ჩამოშორების ინიციატივით გამოდის. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მან უკვე მომაზადა.
თამაზ მეჭიაურმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა ,რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახური დამოუკიდებელი იქნება:
„ბანკის უშუალო დაქვემდებარებიდან გამოსვლით მის მიმართ ნდობა გაიზრდება, რამდენადაც მის შემადგენლობას ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი განსაზღვრავს”, – აღნიშნავს მეჭიაური.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დეპუტატ თამაზ მეჭიაურს ეკუთვნის, გულისხმობს საბანკო ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებაზე, თუმცა მაკონტროლებელი ისევ საქართველოს ეროვნული ბანკი იქნება:
„პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო, არსებობს გამოცდილება, მათ შორის, საქართველოს უახლოეს წარსულშიც, როდესაც საბანკო ზედამხედველობა არ იყო საქართველოს ეროვნული ბანკის შიგნით. თუმცა, რამდენადაც ვიცი, საუბარია იმაზე, რომ ის ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, მაგრამ მის კონტროლს განახორციელებს ისევ საქართველოს ეროვნული ბანკი”, – განაცხადა ხადურმა.
“ნეტგაზეთს” ეროვნულ ბანკში განუცხადეს, რომ 25 მაისს პარლამენტში დაგეგმილია კომიტეტის სხდომა, რომელზეც სების პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ანგარიშით წარსდგება და ამ თემაზეც ისაუბრებს.
