ეკონომიკა

რატომ მყარდება ლარი?

21 მაისი, 2015 • • 2271
რატომ მყარდება ლარი?

“ნეტგაზეთი” ამ თემაზე ეკონომისტ სოსო სიმონიშვილს ესაუბრა: 

 

– ეროვნული ლარი აშშ დოლართან 22 მასისთვის დადგენილი კურსით 7 თეთრით გამყარდა და 2.2545 ნიშნულზეა. რამ განაპირობა ლარის გამყარების ტენდენციის დაწყება? 

 

– ლარის ვარდნა ისედაც არ იყო განპირობებული მხოლოდ გარე პირობებით.  ექსპორტ-იმპორტის საგადამხდელო ბალანსი არც ისე მკვეთრად იყო შეცვლილი. მართალია, იყო ცვლილება, მაგრამ დეფიციტი ნაწილობრივ ბალანსდებოდა საინვესტიციო შემოსულობებით. როგორ ასეთი მკვეთრი ვარდნა არ იყო ლოგიკური, ისე ეს მკვეთრი გამყარება არ გამოიყურება ლოგიკურად მხოლოდ სახელმწიფოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით. 

 

თქვენ მიიჩნევთ, რომ პროცესი ხელოვნურია? თუ ასეა, რა არის ამის საფუძველი? 


როცა ვეძებთ რაღაცის მიზეზს და იმას, თუ ვინ არის დამნაშვე, უნდა დავინტერესდეთ, თუ ვინ მიიღო სარგებელი. სარგებელს ვალუტის კურსის ასეთი მკვეთრი მერყეობის დროს იღებენ ისინი, ვინც ყიდულობენ და ყიდიან ვალუტას. ვალუტის ასეთი მერყეობა ,,კარგი სასპეკულიანტო გარემოა“.  საკმაოდ მძიმე სათქმელია, მაგრამ გონივრული ეჭვით, ვარდნის დროსაც და გამყარების დროსაც ეროვნული ბანკი ხელს უწყობდა სპეკულაციურ ოპერაციებს. 

 


– ცნობილია, რომ სავალუტო ბირჟაზე ყველაზე მსხვილი მოთამაშეები, “თიბისი ბანკი” და “საქართველოს ბანკი” არიან. ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ კურსზე გავლენას ტრანზაქციებით მსხვილი ბანკები ახდენენ. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ბანკებზე ზეწოლა, თუ შესაძლოა ამ მოსაზრებას ლოგიკური საფუძველი ჰქონდეს?


როგორც ჩანს, კახი კალაძეს ჰქონდა კონსულტაცია კვალიფიციურ ექსპერტებთან. ყველა ფაქტორი მიუთითებს, რომ კალაძე მართალია. საბოლოოდ დასკვნა რომ გამოიტანო, საჭიროა დეტალური აუდიტის ჩატარება და ყველა იმ ინფორმაციის ნახვა, რაზეც წვდომა დღეს აქვს ეროვნულ ბანკს. 


– რა ფაქტორებზე საუბრობთ? საკმაოდ რთულია იმის დამტკიცება, რომ ბანკები მანიპულირებენ.


– გეტყვით, ეს რითი აიხსნება. შედით “საქართველოს ბანკის” ვებგვერდზე და ნახეთ რა მოსდის საქარველოს ბანკის აქციებს ლონდონის ბირჟაზე. აქციების ფასი მკვეთრად ეცემა. ამას პროვოცირება გაუკეთა ლარის ვარდნამ, მსხვილმა ბანკებმა დიდი ფული იშოვეს ლარის კურსის ვარდნაზე. მაგრამ ლარის გაუფასურების გამო მაინც ლარზე დგას ჩვენი ბანკები, მათი რეიტინგები მკვეთრად დავარდა. ეცემა  “საქართველოს ბანკის” აქციების ფასი. ახლა ცდილობენ, რომ ეს გამოასწორონ. დღეს უკვე “საქართველოს ბანკის” და იმ სხვა ქართული ბანკების, ვისაც საერთაშორისო რეიტინგი რამედ უღირთ, ღირსების საქმეა, რომ ლარი გაამყარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, გაკოტრების პირამდე მივიდნენ. ძირითადად ამ ეტაპზე ეს პროცესი შეეხო საქათველოს ბანკს. არც ვარდნის და არც გამყარებს დროს ეროვნული ბანკის მიერ, ჩემი აზრით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესები გათვალისწინებული არ ყოფილა. ჩემი ვარაუდით, კერძო ინტერესები იყო განმსაზღვრელი ორივე შემთხვევაში.

 


– მთავრობა და ეროვნული ბანკი თავის 2014 წლის ანგარიშში ლარის დევალვაციას და შემდგომ გამყარებას გარე ფაქტორებს უკავშირებენ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2015 წლის პირველ კვარტალში იმპორტი -7,6%-ით შემცირდა, ექსპორტი 26,1%-ით, უარყოფთი სავაჭრო სალდო 1,637 მლნ აშშ დოლარია. შემცირებულია ფულადი გზავნილები 24%-ით 2014 წლის პირველ კვარტალთან და ტურისტების რაოდენობა 1,61%-ით. როგორ ფიქრობთ, ეს მონაცემები არ ახდენს ლარის დევალვაციას?


 ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან ორი რამ: ვარდნა ანუ ლარის დევალვაცია და დევალვაციის  ეს სულ სხვადასხვა რამეა. ყველა ვალუტის დევალვაციას იწვევს საგადამხდელო დისბალანსი. საგადამხდელო დისბალანსი ისეთია, რომ ვარდნა არის ლოგიკური, მაგრამ ასეთი მკვეთრი დევალვაციის დროს საქმეში აუციელბლად ერთვებიან სპეკულიანტები, ცეცხლზე ნავთს ასხამენ, რათა ,,ტრენდი მაქსიმალურად გაქაჩონ“ და უფრო მეტი ფული მოიგონ. რაც უფრო ღრმაა ვარდანა,  მით უფრო გრძელი გზა ექნება გასავლელი ,,ზრდას“ და ცხადია, რომ ზრდაც მკვეთრი იქნება. ეს ნიშნავს, რომ სპეკულიანტებმა ჯერ ვარდანაზე იხეირეს და ახლა ზრდაზე ხეირობენ. ეროვნული ბანკის ვალია თავისი მონეტარული ინსტრუმენტების საშუალებით აღკვეთოს ეს მავნებლური პრაქტიკა და ის ამას წარმატებით აკეთებდა წინა ხელისუფლების დროს უფრო მძიმე ობიექტური პირობების არსებობის დროსაც კი.    


ეროვნულმა ბანკმა 6-ჯერ განახორციელა ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე და 240 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. ასევე გაზარდა განაკვეთი რეფინანსირების სესხებზე ორჯერ 5%-მდე. სავალუტო ფონდი, ევრობანკი დადაებითად აფასებს ეროვნული ბანკის საქმინობას.


 შეიძლება ევრობანკის რომელიმე ჩინოვნიკი ფიქრობს, რომ იქ რაღაც კარგად გაკეთდა. ქადაგიძე მუდმივად ამბობდა, რომ მისგან მოითხოვენ სავალუტო რეზერვების გაფლანგვას და ის ამას არ დაუშვებს. თუმცა არავის არასდორს მისგან სავალუტო რეზერვების გაფლანგვა არ მოუთხოვია. თუ ეს უთხრეს ფონდს, ბუნებრივია, ის ეროვნულ ბანკს შეაქებდა. მეც ვადასტურებ, რომ არ უნდა გაეფლანგა რეზერვები. 

 


რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, სავალუტო ფონდმა და ევრობანკმა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5%-დან 2,3%-მდე შემცირეს. ეს არ ახდენს ლარზე გავლენას? სად დაუშვა ხელისუფლებამ შეცდომა და რის საფუძველზე იყო პროგნოზი 5%-ი? 

 

 – ეკონომიკური ზრდა, ცხადია, გავლენას ახდენს, მაგრამ 2,3%  იქნება თუ – 5%,   დიდი განსხვავება არ არის. ასეთ ზრდა ვერ მოახდენს გადამწყვეტ გავლენას საგადამხდელო ბალანსზე. საგადამხდელო ბალანსზე სერიოზულად რომ იმოქმედოს, ამას უნდა ორნიშნა ციფრებში გამოხატული ზრდა. ასე რომ, ეს ასეთ ვარდნას ვერ გამოიწვევდა. ლარზე მოქმედებს ობიექტური ფაქტორები და სუბუექტური ფაქტორები. ჩემი აზრით, ამ ვარდნაში გადამწყვეტი იყო სუბუექტური ფაქტორები. ვარდნის ასეთი ტემპის მიზეზები უფრო სუბუექტური ფაქტორები იყო. ლარის კურსის მკვეთრი ზრდის მიზეზებიც, სავარაუდოდ, სუბიეტური ფაქტორებია. ერთი ბანკის ან თუნდაც ორი ბანკის ინტერესი ვერ ჩაითვლება ქვეყნის ინტერესად. რა იქნება მომავალში, პროგნოზის გაკეთება რთულია, როცა ასე ძლიერად მოქმედებს სუბიექტური ფაქტორები. და მაინც, სავარაუდოდ,  ლარის გამყარება ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდება და მცირე ცვლილებებით შენარჩუნდება შემოდგომის შუა რიცხვებამდე, ცხადია, იქამდე რამე ექსტრაორდინარული თუ არ მოხდა, ან ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაში რამე თუ არ შეიცვალა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი