ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების ყველაზე დიდი დიასპორა რუსეთის ფედერაციაშია წარმოდგენილი, საქართველოში ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი სწორედ რუსეთის ფედერაციაზე მოდის და, შესაბამისად, აღნიშნული კუთხითაც რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე ყველაზე მაღალია (დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მოწოდებული არაოფიციალური მონაცემების მიხედვით ქართული დიასპორა რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 800 000 პირია, რაც რაოდენობრივად დაახლოებით იმდენივეა, რაც დანარჩენ ქვეყნებში ერთად აღებული).

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური არასტაბილურობა პირდაპირ აისახა საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობაზე. ასე, მაგალითად, 2014წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2015 წლის პირველ კვარტალში გადმორიცხვების მოცულობა დაახლოებით განახევრდა.აღნიშნული გარემოება შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთის ეკონომიკურ კრიზისს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მდგომარეობა შეიქმნა 2009 წლის პირველ კვარტალშიც, რაც სავარაუდოდ უკავშირდება მსოფლიო საფინანსო კრიზისს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) შეფასებით, ვინაიდან რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გადმორიცხვები წარმოადგენს საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ ძირითად წყაროს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2014 წლის დეკემბრიდან დაწყებული ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზს სწორედ რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვის შემცირება შეიძლება წარმოადგენდეს. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გადმორიცხვების შემცირების პარალელურად 2015 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა გადარიცხული თანხების ოდენობა ,რაც თავის მხრივ გარკვეულ გავლენას ახდენს სავალუტო სტაბილურობაზე.







