აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთთან” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში არც უარყვეს და არც დაუდასტურეს. თუმცა განაცხადეს, რომ გადადგომის თაობაზე ვაჟა ფანჩულიძის განცხადება სამინისტროს კანცელარიაში ამ დროისთვის არ შესულა.
როგორც “ნეტგაზეთს” სამინისტროში განუმარტეს, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გათავისუფლების თაობაზე განცხადებით პრემიერ-მინისტრს უნდა მიმართოს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 24 ივლისს №246 ბრძანებით ვაჟა ფანჩულიძე დაინიშნა.
ვაჟა ფანჩულიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე დავით შავლიაშვილი შეცვალა. შავლიაშვილმა პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად წარადგინა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე ვაჟა ფანჩულიძე ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
