როგორც “ნეტგაზეთს” ფოთის პორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიკა ნადარაიამ განუცხადა, პორტი პარალიზებული არ არის, რადგან ხდება მანქანების გადაადგილება, თუმცა კონტეინერების გადმოცლის პროცესი შეფერხებულია:
“ფოთოს პორტის ოპერაციების ბლოკის ძირითადი თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცვა 5 მაისს, 15:00 საათიდან დაიწყო. ითხოვენ ხელფასების გაზრდას. წინასწარი შეტყობინება ჩვენ არ მიგვიღია გაფიცვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღვიქვამთ როგორც სამსახურის უნებართვოდ მიტოვებას. გაფიცვის შესახებ, შრომის კოდექსის თანახმად, წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული დამსაქმებელი”- აცხადებს მარიკა ნადარაია.
თანამშრომლებმა წარმოადგინეს მოთხოვნის 4 პუნქტი: 1. ხელფასის ზრდა 14%-ით (აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად დასახელდა ბაზარზე არსებული ინფლაცია). 2. მეცამეტე ხელფასის ყოველწლიურად მიღება; 3. ოპერაციების დეპარტამენტის სამოტივაციო სისტემის გადახედვა; 4. კოლექტიური ხელშეკრულების პირობების გადახედვაზე შეთანხმება;
“მიუხედავად იმისა, რომ მითითებულთაგან არც ერთი მოთხოვნა არ წარმოადგენს ნავსადგურის საკანონმდებლო ან სახელშეკრულებო ვალდებულებას, ნავსადგურის ადმინისტრაციამ გამოხატა კეთილი ნება და დაეთანხმა ზემოხსენებულ სამ პუნქტს, ხოლო პირველ პუნქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციამ მათ შესთავაზა ხელფასების ყოველკვარტალური მატება საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის ყოველთვიური მაჩვენებლების კვარტალური
ჯამის შესაბამისად. ამასთან, ცნობილი იყო, რომ გაფიცვის შემთხვევაში, აღნიშნული შეთავაზების ოთხივე პუნქტი ძალადაკარგულად ჩაითვლებოდა. ადმინისტრაცია და პროფესიული კავშირი ვერ შეთანხმდნენ, თუ რამდენად მისაღები იყო
ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი შეთავაზების პაკეტი ნავსადგურის თანამშრომელთა
უმრავლესობისთვის. გამომდინარე აქედან, აღნიშნულ საკითხზე პროფესიულ კავშირთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ჩატარდებოდა თანამშრომელთა გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა ნავსადგურის ყველა თანამშრომელი, გარდა მაღალი რგოლის მენეჯმენტისა. მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პროფესიულმა კავშირმა გამოკითხვის ჩატარებამდე 2 დღით ადრე განაცხადა უარი აღნიშნულზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ამ ეტაპისთვის შეთანხმება მიღწეული არ არის. არსებული გარემოებების გამო ნავსადგურში საოპერაციო პროცესები შეფერხებით მიმდინარეობს” – აცხადებენ ფოთის პორტის ადმინისტრაციაში.
ფოთის პორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ ამჟამად 1051 ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ანაზღაურება (მენეჯერულ რგოლზე ქვევით) შეადგენს 1303 ლარს. ამასთან, ნავსადგურის ყველა თანამშრომელი უზრუნვეყოფილია საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სადაზღვევო პაკეტით და შრომის პირობებით.








