ეკონომიკა

ინვესტორები, რომლებმაც 2014 წელს საქართველოში კაპიტალი ჩადეს

22 მარტი, 2015 •
ინვესტორები, რომლებმაც  2014 წელს საქართველოში კაპიტალი ჩადეს

საქსტატის  მონაცემებით, 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით შექმნილ და რეგისტრირებულ კომპანიების ნუსხაში პრველ ადგილზე განხორციელებული კაპიტალდაბენდებით ( ტოპ ინვესტორების ოცეულში მე-5 ადგილზეა)  შპს “ოლდ სითი დიველოპმენტია” .

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა თანაინვესტირების ფონდმა 2014 წლის მარტში დააფუძნა. მისი მფლობელი ოფშორში [პანამაში] დარეგისტრირებული კომპანია “ფრენქსტონ ინტერნეიშენალია” [FRANKSTON INTERNATIONAL].  ოლდ სითი დიველოპმენტი “პანორამა თბილისის” პროექტს ახორციელებს.

 

რა მცულობის ინვესტიცია განახორციელა კომპანიამ 2014 წელს, კონფიდენცილური რჩება. “ოლდ სითი დიველოპმენტში” “ნეტგაზეთის” კითხვებს არ უპასუხეს.


 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის ინფორმაციით, 2014 წელს  საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე მოდის:

 

“ ამ სექტორში 343 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი ინვესტიციების 27%-ს შეადგენს. მას მოყვება მშენებლობა, სადაც 295 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, დამამუშავებელი მრეწველობა – 174 მლნ დოლარი, ენერგეტიკა – 99 მლნ დოლარი, უძრავი ქონება – 87 მლნ დოლარი”.

 

2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით  დაფუძნებული კომპანიების რეიტინგში სამშენებლო სექტორში კაპიტალდაბანდებების მიხედვით, მე-15 ადგილზეა კომპანია “მარს 2014.”

 

“სამშენებლო კომპანია გასულ წელს თურქული კაპიტალით  შევქმენით.  ბათუმში 19-სართულიან სახლს ვაშენებთ. ეს ბიზნესი საქართველოში მომგებიანია. ახალ ბინებზე მოთხოვნა იზრდება” – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი ოსმან ონბერი.

დუბაიდან შემოსული კაპიტალით შეიქმნა 2014 წელ კომპანია “ინტერ მედია”, რომელიც საქსტატის მონაცემებით საინვესტიციო რეიტინგში მე-8 ადგილზეა.  

 

კომპანიის დირეტორი გიორგი ნიკოლეიშვილი ამბობს,  “ინტერ მედია” სტამბას ფლობს და მისი ძირითადი საქმინობა  სარეკლამო მასალების წარმოებაა:  

 

“რა მოცულობის ინვესტიცია ჩავდეთ, ეს კომერციული საიდუმლოებაა. კორპორაციულ და საცალო ბაზარზე ვმუშაობთ და დამკვეთების სარეკლამო მომსახურებას ვახდენთ”.

 

კომპანია “ევრაზია ტრეიდი” რუსული კაპიტალით  2014 წელს დაფუძნდა და საინვესტიციო რეიტინგში 25-ე ადგილზეა.  

 

“საქართველოში საქმიანობა  2014 წლის მაისში დავიწყეთ. რუსეთიდან სახმელეთო გზით მარცვლეულის იმპოტს ვახორიელბთ. ბიზნესის დაფუძნება მარტივად შევძელით. ერთად-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია ის, რომ  გზა ხშირად იკეტება. ეს უქმნის პრობლემას  ბიზნესს” – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი კობა კოკოევი.

 

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის გამკაცრებულმა სავიზო რეგულაციებმა პრობლემები 2014 წელს შემოსულ ინვესტორებსაც შეუქმნა.

 

კომპანია “მოდა სტამბული”, რომლიც  საქსტატის მონაცემებით ახალი კომპანიების  საინვესტიციო რეიტინგში  36-ე ადგილზეა, დღეს გაჩერებულია:

“თურქეთის მოქალაქე იაკუზ ილმაზი საქართველოში არ იმყოფება. დახურა ბიზნესი. ორი თვის წინ წავიდა. სავიზო რეჟიმის გამო პრობლემა შეექმნა.  90 დღე გავიდა, გადაცილება ჰქონდა და საქართველოდან თურქეთში გადავიდა “ – განუცხადეს “ბათუმელებს” კომპანიაში.

 

2014 წელს, ახალი ინვეტორების გააქტიურების მიხედავად,  საქართველოში ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია აზერბაიჯანიდან  შემოვიდა  და  BP group– მა განახორციელა. კომპანია საქართველოში 1996 წლიდან მუშაობს და სამ მილსადენს უწევს ექსპლოატაციას და ტოპ 20-ში პირველ ადგილზეა.

 

მეორე ადგილზეა ჩინური ინვესტიციით სექმნილი  Hualing international special economic zone,  რომელიც თბილისის ზღვაზე ოლიმპიურ სოფელს ჯერ კიდევ 2012 წლიდან აშენებს.  

 

მესამე ადგილზეა “აჭარის წყალი ჯორჯია,” რომელიც ჰოლანდიური ინვესტიციით შეიქმნა და 2011 წლიდან აჭარისწყალსა და მის შენაკადებზე შუახევი ჰესის პროექტს ახორციელბს.


2014 წელს განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით ქვეყნებიდან ნიდერლანდები ლიდერობს, საიდანაც 331,2 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მეორე და მესამე პოზიციას აზერბაიჯანი – 302,1 მლნ-ით, ჩინეთი – 194,9 მლნ დოლარით იკავებენ.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2014 წელს (იანვარი-დეკემბერი) საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1,272 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 35.1 პროცენტით  აღემატება 2013 წლის დაზუსტებულ მონაცემებს – 941,9 აშშ დოლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი