MR. Shavit-ის დამფუძნელებმა, ისრაელის მოქალაქე მეირ შავითმა საქართველოში ბიზნესი 2008 წელს დაიწყო.
კომპანიის დაქირავებული ფინანსისტი გიორგი თოლორდავა “ნეტგაზეთთამ” საუბარში ამბობს, რომ საგამოძიებო სამსახური MR. Shavit-ში 5 ნოემბერს შევიდა:
“ვერ გავარკვიეთ, ოფიციალურად რა იყო შემოწმების დაწყების მიზეზი. მოტივი არ გაგვაცნეს. საჩივარი ჩვენი კონკურენტის დაწერილია. რამოდენიმე კონკურენტია, მათ შორის ერთი ყოფილი ჩინოვნიკია. შემოვიდნენ გადასახადების დამალვის მუხლით, მაგრამ აქ ვერაფერი ვერ იპოვეს. ჩვენს გარდა მოწმდება 15 საიუველირო სალონი, რომლებიც MR. Shavit-თან ფრანჩაიზინგის ხელშეკრულებით მუშაობენ. ამ საიუველირო კომპანიების ნაწილი შპს-ა და ნაწილი ინდმეწარმე, MR. Shavit-ის დამფუძნებლისგან, მეირ შავითისგან, ნივთის დიზაინს ყიდულობენ. შემდეგ მათ მიერ დამზადებული პროდუქცია კომპანიის საფირმო მაღაზიებში იყიდება ადგილობრივ ბაზარზე.”
თოლორდავას განცხადებით, პარტნიორ კომპანიებში 50 ახალგაზრდა იყო დასაქმებული, ახლა მათი რიცხვი 15-მდე შემცირდა. კომპანიას ფინანსური ზარალი მიადგა, რომელიც ჯერ დათვლილი არ არის:
„საგამოძიებო სამსახური გადასახადების დამალვას გვედავება. კომპანიის მაღაზიებში პროდუქცია ფასდაკლებით იყიდება სხვადასხვა აქციის ფარგლებში და ამ ფაქტების დოკუმენტალურად დადასტურება შეგვიძლია. ყველა მყიდველი იდენტიფიცირებული გვყავს და შესაძლებელია მათთან დაკავშირება და დაკითხვაზე მოყვანა, მაგრამ საგამოძიებო სამსახურს ეს არ ესმის.”
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ვინ არის დაინტერესებული იმით, რომ კომპანიას პრობლემები შეექმნას, გიორგი თოლორდავა პასუხობს, რომ მათ დაიწყს საიუველირო ბიზნესის ლეგალიზება:
“ვიღაცას ეს არ მოსწონს და კიდევ მეორე, რომ საგამოძიებო სამსახურის შემოსვლა ჩვენი კონკურენტის გავლენით ხდება”.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ისრაელის მოქალაქე მეირ შავითის კუთვნილ კომპანიებში- MR. Shavit-სა და Georgia-Israel-ში, ასევე მათ პარტნიორ კომპანიებში ფინანსურ შემოწმებას მოქალაქის განცხადების საფუძველზე ახორციელებს.
უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მოქალაქის განცხადების თანახმად, აღნიშნულ კომპანიებში ადგილი ჰქონდა ფინანსურ დარღვევებს:
,,მიმდინარეობს სტანდარტული პროცედურები. ზოგიერთ საინფორმაციო სააგნეტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზეწოლა ხორციელდებოდა ბიზნესმენზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ტყუილი. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებს ვერ გეტყვით’’.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ისრაელის მოქალაქე მეირ შავითის კუთვნილ კომპანიებში, MR. Shavit-სა და Georgia-Israel-ში ფინანსურ შემოწმებას დაახლოებით 5 თვეა ახორციელებს. უწყება აღნიშნული კომპანიების პარტნიორ 15 კომპანიასაც ამოწმებს, რომელთა ნაწილიც ინდმეწარმეა.