“პამპერსი თვეში 10 ლარით გამიძვირდა” ამბობს “ნეტგაზეთთან” მაია ოთიაშვილი, რომელიც თვეში ორჯერ მცირეწლოვანი შვილისთვის “ევი ბეიბის” ბრენდის ჰიგიენურ საფენს ყიდულობს:
“დეკემბერში 16 ლარი ღირდა “ევი ბეიბის” 48- იანი შეფუთვა. რამდენიმე დღის წინ ამ ბრენდის პამპერსი კიდევ გაძვირდა, სულ ორ თვეში ფასნამატი 5 ლარია. “ევი ბეიბის”” ფასი დღეს 21 ლარია. თვეში გვჭირდება ორი შეკვრა. პამბერსი 10 ლარით გამიძვირდა.”
“ჯი პი სის” ქსელში “ჰაგისის” პამპერსი 68-იანი შეფუთვით ფასდაკლების აქციის პირობებში 28 ლარი ღირდა. ლარის დევალვაციის შემდეგ აქცია გაუქმდა და ამ ბრენდის პამპერისი ფასმა 44 ლარი შეადგინა. მარტიდან “ჯიპისის” სააფთიაქო ქსელში “ჰაგისი” 2,70 ლარით გაძვირდა და ფასმა 46,7 ლარი შეადგინა.
ირინა გველესიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ “გაგლისის” ბრენდის ბავშვის ჰიგიენური საფენის შეკვრა, რომელშიც 16 ცალი პამპერსია, 80 თეთრით გაძვირდა: “ამ შეფუთვაში “გაგლისის” პამპერსი ჩვილს 5 დღე ყოფნის. რეალურად თვეში ბავშვის ჰიგიენურ საფენებში დაახლოებით 6-8 ლარით მეტის გადახდა მიწევს”.
საცალო ქსელში 44-იანი შეფუთვით 15 -დან 18 ლარამდე გაძვირდა “მოლფიქსი”.
ფასი გაიზარდა დიდების პამპერსზეც. “თუ ერთ ცალი პამბერსი 1,2 ლარი ღირდა, ახლა ღირს 1, 65 ლარი” – ამბობს მაია ვაშაკიძე.
კომპანია “ლიბო გრუპის” დირექტორი იმედა ბახტურიძე “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ პამპერსის საბითუმო ფასი 5%-ით გაიზარდა.
“ბელგიური ბრენდის, “კანბებეს” ბავშვის საფენი თურქეთიდან შემოგვაქვს. გავაძვირეთ დაახლოებით 5%-ით. ერთი შეკვრა დაახლოებით 70 თეთრით გაძვირდა. თებარვლის შემდეგ პროდუქტი არ გაგვიძვირებია. პროდუქტს დისტრიბუციას ვუკეთებთ საქართველოს მასშტაბით ყველგან. ფასის 5%-იანი ზრდა გამოიწვია ლარის კურსის ცვლილებამ.”
“პამპერსის ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა”, ამბობს “ნეტგაზეთთან” კომპანია “ბეიბი ლენდის” დირექტორი ლერი ტაბატაძე:
“ჩვენ პროდუქცია პრაქტიკულად არ გაგვიძვირებია. შემოგვაქვს “გაგლისის” ბრენდის პამპერსი და ფასი მცირედით, დაახლოებით 70-80 თეთრით გაიზარდა.”
აფთიაქების საცალო ქსელ პსპ-სა და ჯიპისი-ში ბავშვის ჰიგინურ პაკეტებზე ფასები თითქმის იდენტურია. მაგალითად, ბრენდი “პამპერსი” 52-ცალიან შეფუთვაში 33,75 ლარი ღირს, “ჰაგისი”- 46,7 ლარი, “ლიბერო”- 42.7 ლარი, “ჰელოუ” – 24 ლარი.
კომპანია “ავერსში” ფასები პამპერსზე სხვა ქსელებთან შედარებით მაღალია. აფთიაქებში აცხადებენ, რომ საცალო ქსელში “პამპერსი” “დიპლომატ ჯორჯიას” შემოაქვს და პროდუქცია ლარის გაუფასურების შემდეგ გააძვირა.
თუ რამდენი პროცენტით გაზარდა “დიპლომატ ჯორჯიამ” ფასი პამპერსზე, კომპანიში გვითხრეს, რომ ამ კითხვას მოგვიანებით უპასუხებენ.
კომპანია “ლიბო გრუპის” დირექტორ იმედა ბახტურიძის შეფასებით, დღეს ბავშვის ჰიგიენური საფენების ბაზარზე კონკურენცია მძაფრია:
“ბაზარზე 10 იმპორტიორია, ვისაც ბავშვის ჰიგიებური საფნები შემოაქვს. ვცდილობთ მაქსიმალურად დაბალი ფასი შევინარჩუნოთ, რადგან კონკურენციის დონე მაღალია”.








