საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, გამოფენაში ფონდის მხრიდან ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი დანელია მონაწილეობდა, რომელმაც პროექტის პრეზენტაციისას ასევე ისაუბრა საპარტნიორო ფონდის საქმიანობის, მანდატის და ფონდის მიერ უძრავი ქონების სექტორში განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტების შესახებ.
„გამოფენის მონაწილეები საპარტნიორო ფონდის საქმიანობას პირველად გაეცნენ. ჩვენ მათ გავაცანით წყალტუბოს კურორტის შესაძლებლობები. მათი მხრიდან ფონდთან თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით მზარდი ინტერესია,“ განაცხადა გიორგი დანელიამ.
წყალტუბოს კურორტის განვითარების მიზნით საპარტნიორო ფონდმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Kohl & Partner-თან ერთად კურორტის შესაძლებლობები გამოიკვლია და მისი განვითარების კონცეფცია შეიმუშავა.
კონცეფციის თანახმად, წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაცია რამდენიმეწლიანი პროექტია და მოიცავს თერმული აბანოების აღდგენას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასტუმროების რეაბილიტაციას, თანამედროვე ტექნიკით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სასტუმროების აშენებას, სამედიცინო და სპა ტურიზმის განვითარებას, საბავშვო გასართობი ცენტრების და წყლის ატრაქციონების აშენებას, რესტორნების განვითარებას, გოლფის სათამაშო მოედნის მოწყობას, სავაჭრო ცენტრების გახსნას და ტროპიკული ბაღების გაშენებას.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებშივე გაიმართა უძრავი ქონების მსხვილ დეველოპერული კომპანიების, საინვესტიციო ფონდების, სამშენებლო კომპანიების, სასტუმროს ოპერატორი კომპანიების წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრები.
გამოფენას დაახლოებით 25 000 მონაწილე ესწრებოდა ევროპის, აზიის, აფრიკის, კანადის და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. საქართველოს მხრიდან, საპარტნიორო ფონდის გარდა, გამოფენაში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და თბილისის მერიის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 %-ს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს.








