ეკონომიკა

ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს

12 მარტი, 2015 •
ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს

11 მარტს საინფორმაციო-სააგენტო “ნოვოსტი გრუზიამ” „ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტის“ დამფუძნებელ თეიმურაზ ქარჩავაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს კონსორციუმი PowerChina-სთან ერთად ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტს ააშენებს და საკითხზე ჩინეთში შეთანხმება უკვე მიღწეულია.

 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვული 2015 წლის 9-11 მარტს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა. ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჩინეთსა და საქართველოს შორის ახალი ეკონომიკური შეთანხმება გაფორმდა. ჩინეთში გამართულ შეხვედრებზე ეკონიმიკის მინისტრმა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხზე და ამ პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

 

მოხდა თუ არა შეთანხმება ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე ეკონომიკის მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს კომპანია „ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტის“ დამფუძნებელ თეიმურაზ ქარჩავასთან? 

 

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისგიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მანამდე, სანამ მეორე ეტაპზე იქნება წინადადებები შვიდივე კონსორციუმის მხრიდან წარმოდგენილი,ჩვენ ვატარებთ დამაზუსტებელ შეხვედრებს. ჩამოსული იყო ფრანგული კონსორციუმი და ამერიკული კომპანია. მათთან გავმართეთ შეხვედრები. ასეთივე შეხვედრები გვქონდა ჩინეთშიც ორ ადგილობრივ კონსორციუმთან, რომლებსაც ანაკლიის პორტის საკითხზე აქვთ დაინტერესება. ჩვენ მათ შეკითხვებსაც ვუპასუხეთ.“


რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას Power China-სა და ქართველი ბიზნესმენის, თემურ ქარჩავას კომპანია Anaklia Industrial Eco Park and Port Ltd-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ რამდენადაც იცის, ეს არის მათი შიდა კონსორციუმის ხელშეკრულება და აღნიშნულ დოკუმენტთან საქართველოს მთავრობას არაფერი აკავშირებს. „მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ორი ჩინური კომპანიის – Power China-სა და China Harbor-ის წარმომადგენლებს შევხვდით. მათთან გვქონდა კონსტრუქციული საუბრები და მათ ყველა შეკითხვას ვუპასუხეთ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

“ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტის“ დამფუძნებელ თეუმურაზ ქარჩავას “ნეტგაზეთი” ჩინეთში დაუკავშირდა. ქარჩავამ განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილს პარტნიორი კომპანიის (PowerChina) წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და ანაკლიის პორტის პროექტის პრეზენტაცია წარმოუდგინა:


“ჩვენ მოვაწერეთ ხელი ჩინურ კომპანია PowerChina-სთან “ანაკლის პორტის”მშენებლობის მთლიან დაფინანსებაზე. ეს კომპანია მთლიანად დააფინანსებს ანაკლია პორტის მშენებლობას. პროექტის ღირებულება არის 5 მილიარდი აშშ დოლარი. ახლაც პეკინში ვარ. საქართველოს ეკონომიკის სამინიტრომ კი მოაწერა ხელი საერთო ეკონომიკურ შეთანხმებებზე ჩინეთის სახელმწიფოსთან, ეს ორი სხვადასხვა საკითხია.”


თეიმურაზ ქარჩავა “ნეტგაზეთთან” აცხადებს, რომ მის კონსორციუმს, ჩინურ კომპანიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის ჯერ არ არის მიღწეული შეთანხმება ანაკლიის პორტის მშენებლობის შესახებ:

 

“არ ვიცი, საიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკითხი გადაწყდა. ინტერესთა გამოხატვა 16 აპრილისთვის დასრულდება და განიხილავენ. თუ კეთილი ნება იქნება სახელმწიფოსი და ჩვენი კომპანია შეირჩა, ხელის მოწერიდან 6 თვეში დაიწყება ანაკლია პორტის მშენებლობა.” 


საქართველოს მთავრობამ ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობასა და ოპერირებაზე ინტერესთა გამოხატვა 2014 წლის ივლისში გამოაცხადა.

 

ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობასა და ოპერირებაზე მთავრობის მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის შედეგად შვიდი კომპანია და კონსორციუმი შეირჩა.  

 

პორტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა, მთავრობის გათვლებით, 100 მლნ ტონა იქნება. თუმცა შვიდ ეტაპად გაწერილი მშენებლობის პირველი სამი ეტაპი, მშენებლობის დაწყებიდან 12 წლის ვადაში, არანაკლებ 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს (მესამე წელს  – 7 მლნ ტონა, მეშვიდე წელს – 20 მლნ ტონა და მეთორმეტე წელს- არანაკლებ 40 მლნ ტონა).

 

განაცხადები 12-მა კომპანიამ და კონსორციუმმა წარადგინა. ეკონომიკის სამინისტრომ შვიდი კომპანიის შერჩევის შესახებ პირველად დეკემბერში განაცხადა, თუმცა სია 22 იანვარს გაასაჯაროვა.

 

შერჩეულ კომპანიებს შორის არიან:

  • Terminal Investment Limited SA, მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი საკონტეინერო გადამზიდავი კომპანიის Mediterranean Shipping Co (MSC) შვილობილი კომპანია;
  • Bouygues Travaux Publics, რომელიც ფრანგული ინდუსტრიული ჯგუფის Bouygues შემადგენლობაში შედის;
  • China Harbour Engineering Company Ltd, ჩინური Communications Construction Company (CCCC)–ის შვილობილი კომპანია;
  • იაპონური კონგლომერატის Mitsui & Co.–ის და სინგაპურში მდებარე, პორტების ოპერატორი მისი  შვილობილი კომპანიის Portek International Pte Ltd–ს კონსორციუმი;
  • “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი”, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ დააარსა და რომელიც ამ პროექტში ამერიკულ კომპანია Conti Group–თან თანამშრომლობს.
  • კონსორციუმი, რომელშიც გაერთიანებული არიან „ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტი“, რომლის დამფუძნებელიც არის ქართველი ბიზნესმენი თეიმურაზ ქარჩავა, რომელიც ბიზნესებს ფლობს რუსეთსა და საქართველოში და რომელიც ასევე დაკავშირებულია თბოელექტროსადგურის დაგეგმილ მშენებლობასთან სომხეთში; British Eco Power-ი; და Hubei Hongyuan Power Engineering Co., რომელიც ჩინური სახელმწიფო კომპანიის Power Construction Corporation of China (PowerChina)–ს შვილობილი კომპანიაა. 
  • ამერიკული კომპანიის AECOM და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მდებარე კომპანიის DİA Holding კონსორციუმი; ეს უკანასკნელი, რომლის დამფუძნებლებიც Intersun და თურქული სამშენებლო კომპანია IC Holding არიან, აზერბაიჯანშიც აქტიურად მოღვაწეობდა და მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულებისსამშენებლო კონტრაქტები მიიღო. 

 

„სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, „მოკლე სიაში“ შესულ კომპანიებს გაეგზავნათ მოწვევა, რომ მათ მიმდინარე წლის 16 აპრილს წარმოადგინონ დამატებითი წინადადებები. ამის შემდეგ მოხდება ორი ან სამი უპირატესი, საუკეთესო წინადადებების მქონე კანდიდატის შერჩევა და მათთან გაიმართება მოლაპარაკებები რამდენიმე რაუნდად. შემდგომ კომპანიებს მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ უკვე საბოლოო და საუკეთესო წინადადება, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და მასთან გაფორმდება ხელშეკრულება არაუგვიანეს 2015 წლის წლის სექტემბრისა“, –  განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ 22 იანვარს.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმციით, ტექნიკური და ფინანსური წინადადებების სათანადოდ მომზადების მიზნით, მიმდინარეობს ყველა კანდიდატი კომპანიის წარმომადგენლების მიერ ნავსადგურის ადგილმდებარეობის დათვალიერება და განმარტებითი შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან. 

 

შეხვედრები უკვე შედგა სამ კანდიდატ კომპანიასთან: 28-29 იანვარს – კომპანია BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A-ს წარმომადგენლებთან, 26-27 თებერვალს – ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA)-სთან, ხოლო 4 მარტს – JSC ANAKLIA DEVELOPMENთ CONSORTIUM-ის წარმომადგენლებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი